“ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ და თანაარსებობენ სხვადასხვა კონფესიის, სხვადასხვა რელიგიური შეხედულების და სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანები. ეს ხორციელდებოდა ქრისტიანულ ქვეყანაში. შემწყნარებლობა უპირველესად, სწორედ ქრისტიანული ტრადიციაა. მართლმადიდებლური ეკლესიის როლი, რომელიც ხაზგასმულია ჩვენს კონსტიტუციაში, მნიშვნელოვანია ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს როლი ყვავის და ვითარდება სწორედ ქართული ტრადიციებისა და ტოლერანტობის ფარგლებში. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის აღმაფრთოვანებელია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია, როდესაც საქმე ეთნიკურ ან რელიგიურ ჩაგვრას ეხება. მე მინდა გავიხსენო ის სიტყვები, რომელიც პატრიარქმა წარმოთქვა მუსლიმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, როდესაც ისინი იქნენ დაჩაგრული: “თუ რაიმე სახის შეზღუდვა ექნებათ, თბილისში ჩამოვიდნენ და ლოცვა მუსლიმანური წესით საპატრიარქოში აღავლინონ”. ეს არის ის პოზიცია, რომელიც ქართული ტოლერანტობის ტრადიციას აგრძელებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.