ახალი ამბები

მონღოლეთში გატაცებული თურქი მასწავლებელი მთავრობის ჩარევით გაათავისუფლეს

30 ივლისი, 2018 • 1421
მონღოლეთში გატაცებული თურქი მასწავლებელი მთავრობის ჩარევით გაათავისუფლეს

მონღოლეთში ფეთულა გიულენის მოძრაობასთან კავშირში მყოფი თურქი მასწავლებელი გაიტაცეს, მოგვიანებით კი, ქვეყნის ოფიციალური პირების ჩარევის შედეგად გაათავისუფლეს. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები და კოლეგები ავრცელებენ, რომლებიც მომხდარში თურქეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ.

შემთხვევა მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში 27 ივლისს, დილის საათებში მოხდა. როგორც პედაგოგ ვეისელ აქჯაის კოლეგები იუწყებოდნენ, მასწავლებელს სახლთან ე.წ. მინივენი დახვდა, რომელშიც რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ძალით ჩასვა. აღნიშნულ ვერსიას მონღოლეთის ერთ-ერთი ოფიციალური პირიც ადასტურებს, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.

როგორც New York Times იუწყება, პედაგოგის შესაძლო გატაცების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მალევე მოჰყვა ცნობები, რომ ულან-ბატორის აეროპორტში თურქული კერძო თვითმფრინავი დაეშვა. მასწავლებლის  ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა იეჭვეს, რომ სწორედ აღნიშნული თვითმფრინავით უნდა გადაეყვანათ აქჯაი თურქეთში, რის შემდეგაც აეროპორტთან მივიდნენ და მისი სასწრაფოდ გათავისუფლება მოითხოვეს. კამპანია სოციალურ მედიაშიც აგორდა.

სპონტანური პროტესტის შემდეგ, მონღოლეთის მთავრობის ბრძანებით,  აფრენილი თვითმფრინავი კვლავ ულან-ბატორის აეროპორტში დაეშვა და რამდენიმე საათში გატაცებული პედაგოგის გარეშე გაფრინდა.

მომხდარს მონღოლეთში საზოგადოებრივი მღელვარება და მწვავე განცხადებები მოჰყვა. მასწავლებლის მხარდამჭერები მონღოლეთის ხელისუფლებას გატაცების მცდელობაში თანამონაწილეობას ედავებოდნენ, რასაც ოფიციალური პირები უარყოფენ.

ინციდენტიდან მალევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თურქეთის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა და აღნიშნა, რომ თუ გატაცების შესახებ ცნობები რეალურია, ეს არის “მონღოლეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაუმართლებელი შებღალვა”. მონღოლეთის საგარეო უწყების ცნობით, თურქეთის წარმომადგენელმა გატაცების შესახებ ინფორმაცია უარყო.

ვეისელ აქჯაი მონღოლეთში ბოლო 24 წელია ცხოვრობს და საქმიანობს. ის თურქულ-მონღოლური სკოლების გაერთიანებას ხელმძღვანელობს, რომელიც აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ ფეთულა გიულენთნაა ასოცირებული. გიულენს თურქეთის ხელისუფლება ედავება 2016 წლის გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას.

ბოლო 2 წლის მანძილზე თურქეთის ხელისუფლებამ გიულენთან კავშირის ბრალდებით ათობით ათასი ადამიანი დააკავა და სამსახურიდან გაათავისუფლა. დაიხურა ათასობით სკოლა, უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებელი, 200-მდე მედიაორგანიზაციამ კი ფუნქციონირება შეწყვიტა.

თურქეთის ოფიციალური პირების ცნობით, გადატრიალების მცდელობის შემდეგომ საზღვარგარეთის 18 ქვეყნიდან “გიულენისტობაში” ეჭვმიტანილი 80 ადამიანი დააკავეს და თურქეთში დააბრუნეს. ქვეყნების ნაწილმა, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა, საბერძნეთმა და კოსოვომ ერდოღანის ხელისუფლებას პირთა ექსტრადირებაზე უარი უთხრა.

ქვეყნებს შორის, რომლებსაც თურქეთმა საკუთარი მოქალაქეების ექსტრადირება მოსთხოვა, საქართველოც იყო. სწორედ თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს გასული წლის მაისში პედაგოგი მუსტაფა ემრე ჩაბუქი. საბოლოოდ, ის წინასაექსტრადიციო პატიმრობიდან მიმდინარე წლის თებერვალში გაათავისუფლეს.

დევნა რიცხვებში – თურქეთის 2 წელი გადატრიალების მცდელობიდან[ინფოგრაფიკა]

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი