არავინ იცის რას და ვის გულისხმობდა მეუფე გრიგოლი – საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტელეკომპანია “პირველის” ეთერში მიტროპოლიტ გრიგოლის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

საპატრიარქოში გამორიცხავენ, რომ ილია II-ზე ვინმემ ზეწოლა მოახდინოს. მათი თქმით, პატრიარქის იძულება გამორიცხულია:

“ამ იდეების გამავრცელებლებმა სინამდვილეში თვითონაც კარგად იციან კათოლიკოს-პატრიარქის ხასიათი, რომ ვინმეს ზეწოლით იგი არასდროს მოქმედებს და გამორიცხულია მისი იძულება, მით უმეტე,ს ეკლესიისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით; რა თქმა უნდა, იგივე ითქმის მოსაყდრესთან მიმართებაშიც”, – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში საპატრიარქო ასევე წერს, რომ თუ წამოჭრილ თემასთან დაკავშირებით კითხვები მაინც ვინმეს აქვს, უნდა მიმართონ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილი), რადგან, “როგორც ჩანს, რეალურად სხვამ არავინ იცის, რას და ვის გულისხმობდა იგი”.


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის განცხადებით, “იყო პატრიარქის გადადგომის მცდელობა”. ამის შესახებ მან TV პირველის გადაცემა “რეაქციაში” რამდენიმე დღის წინ განაცხადა საპატრიარქოში რუსული გავლენების მცდელობებისა და მომავალი პატრიარქის ტახტისათვის ბრძოლაში შესაძლო რუსული კვალის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

“მე დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ მთელი რიგი პროცესები განვითარდა. დაწყებული მამალაძის ისტორიიდან დღემდე და, რაც არ უნდა მძიმე იყოს, ფაქტია, რომ იყო მცდელობა, რომ პატრიარქი გადამდგარიყო. იყო ასეთი შეთავაზებაც, მაგრამ დიდება და მადლობა ღმერთს, რომ პატრიარქი ამაზე არ წავიდა. ამაზე საუაბრიც კი არ შეიძლება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

პატრიარქის გადადგომის მცდელობა იყო – მეუფე გრიგოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.