ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის მეორე პრეზიდენტი დააპატიმრეს

28 ივლისი, 2018 •
სომხეთის მეორე პრეზიდენტი დააპატიმრეს

ერევნის სასამართლომ, სომხეთში 2008 წლის 1 მარტის საპროტესტო აქციის დარბევის ფაქტზე სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

26 ივლისს, სომხეთის ექსპრეზიდენტს ბრალი წარუდგინეს სომხეთის საკონსტიტუციო წყობის დამხობის მუხლით [სისხლის სამართლის კოდექსის მე-300.1 მუხლის 1 ნაწილი].

რობერტ ქოჩარიანს სომხეთის სამართალდამცველი სტრუქტურები 2008 წლის 1 მარტის მოვლენების დროს სხვა პირებთან ერთად მშვიდობიანი დემონტრაციის დარბევას და სომხეთის საკონსტიტუციო წყობის დამხობას ედავებიან.

პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით მისთვის პატიმრობას ითხოვდა.

2008 წლის 1 მარტის მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, რომელიც თან ახლდა საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც სერჟ სარგსიანმა გაიმარჯვა, ძალოვნებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეტაკებების შედეგად,10 მოქალაქე დაიღუპა, ასეულობით კი დაშავდა. მათი დაღუპვის საქმეები ამ დრომდე არ არის გამოძიებული.

სომხეთის ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საგამოძიებო უწყების ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 1 მარტის მოვლენების გამოსაძიებლად პოლიტიკური ნება არსებობს.

აღნიშნულ საქმეზე ბრალი ედება ასევე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიკაელ არუტუნიანს, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. სასამართლომ მას დაუსწრებლად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი