ახალი ამბები

ევროკომისარი: საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება ინვესტიციებს მოიზიდავს

20 თებერვალი, 2014 •
ევროკომისარი: საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება ინვესტიციებს მოიზიდავს

ოტინგერის განცხადებით, დღეს იწყება მოლაპარაკებები საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე. ევროკომისარი თვლის, რომ ოქტომბრამდე კონკრეტული შედეგიც იქნება:

 

“საქართველო და ევროკავშირი ავითარებენ ძლიერ პარტნიორობას და ამ ურთიერთობებში ახალი ერა იწყება. გასული წლის ნოემბერში მოხდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის სივრცეს. დღეს ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე და, ვფიქრობ, ოქტომბრამდე ჩვენ გვექნება კონკრეტული შედეგი თქვენი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ჩართულობით. საქართველო იყო და უფრო და უფრო ხდება ჩვენი რელევანტური პარტნიორი ევროკავშირის ენერგეტიკული სტრატეგიის კუთხით”, – განაცხადა დღეს მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა.

 

ოტინგერი და ფანჯიკიძე

 

ევროკომისრის განცხადებით, მიღწეული შეთანხმებების შედეგად საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროკავშირს არა მარტო ეკონომიკური კუთხით, არამედ საერთო ღირებულებების მხრივაც.

 

“დღეს მე საქართველოში ვიმყოფები ევროპული და კერძოდ, გერმანული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად და მინდა საქართველოს ეკონომიკის და ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის ეკონომიკის სფეროებს შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერა გამოვხატო”- აღნიშნა ევროკომისარმა.

 

გიუნტერ ოტინგერის განცხადებით, როდესაც საუბარია ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე, საქართველო არის უმნიშვნელოვანესი და სანდო პარტნიორი.

 

“საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება მოიზიდავს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში და უზრუნველყოფს ამ სექტორის მდგრად განვითარებას”, – განაცხადა ოტინგერმა.

ევროკომისრის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცით ჩათვლით, საქართველოს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. “ეს ეხება, როგორც ქართული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრას, ასევე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოში მსხვილი პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას”. ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 20-21 თებერვლას სტუმრობს. ენერგოკომისარმა პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინიტროში გამართა.

 

„ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველო გახდება საერთო ევოპული ენეგეტიკული სივრცის ნაწილი“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ მასთან შეხვედრის შემდეგ.

 

მინისტრის განცხადებით, გიუნტერ ოტინგერის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროპის ენეგრეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრინების თაობაზე მოლაპარაკებების ოფიციალურად გახსნა.

 

„მივესალმებით ამ ფაქტს, რაც კიდევე ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველო გახდება საერთო ვეროული ენერგეტიკული სივრცის ნაწილი. ჩვენ მზად ვართ გავააქტიუროთ ჩვენი ენერგეტიკული დიპლომატია ამ მიმართულებით. ენერგეტიკა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია“-განაცხადა მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ენერგოკომისართან გამართული ერთობრივი პრესკონფერენციის დროს.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის პრიორიტეტები. ფანჯიკიძის თქმით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა დროულად შეასრულოს ვილნიუსის სამიტზე დასახული მიზნები და ხელი მოწეროს ასოცირების შეთანხმებას შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში.

 

დღესვე მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაფართოებული შეხვედრა გამართა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერთან. მხარეებმა საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

“როგორც შეხვედრაზე ითქვა, ევროკავშირის გუნდი მხარს უჭერს საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების იდეას. რაც შეეხება მოსამზადებელ პროცესს, მოლაპარაკებები დაახლოებით 6-8 თვე გაგრძელდება და შეთანხმებაზე ხელმოწერა მიმდინარე წლის ოქტომბრამდე მოხდება. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტებზე. გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე–პრემიერი კახა კალაძე დაესწრნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა და საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთეს”, – ნათქვამია მთავრობის პრესრელიზში.

 

ოტინგერი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ენერგეტიკის მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან. დღესვე ევროკომისარი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გახსნიან გერმანულ-ქართულ ბიზნესფორუმს. ოტინგერის ვიზიტის პარალელურად, საქართველოს გერმანელ ბიზნესმენთა ჯგუფი ეწვია.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი