როგორც “ნეტგაზეთს” საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ განუცხადა, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობაში” თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობს, ხონის რაიონის გამგებლის ზურაბ ჯიბუხაიას და მისი მოადგილის ბესარიონ ჭელიძის, ასევე, დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ ოტიაშვილის დაკავება სწორედ ამ მოტივს უკავშირდება. სამივე ზემოხსენებული პირი “ნაცმოძრაობის” წევრია. მეტიც, თევდორაძის განმარტებით, ზურაბ ჯიბუხაია და ოტიაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ყველაზე რეალურ კანდიდატებად განიხილებიან თვითმმართველობის არჩევნებში თავთავიანთ მუნიციპალიტეტებში, რადგან მათ შიდა პარტიულ პრაიმერში გამარჯვების კარგი შანსი აქვთ.
“ხონი ერთ–ერთი ყველაზე მთავარი სამიზნეა ახალი ხელისუფლების მოახლოებული არჩევნების წინ, რადგან ხონში დღესაც კი “ნაცმოძრაობაა” უმრავლესობაში და ხელისუფლებაში ადგილობრივ დონეზე, როგორც საკრებულოში, ისე – გამგეობაში. ბევრი სხვა რაიონისაგან განსხვავებით, ამ ადამიანების ერთიანობა იქ ვერ გატეხეს. მე სხვა ისეთი რაონი, სადაც “ნაცმოძრაობაა” დღემდე ხელისუფლებაშიც და უმრავლესობაშიც, არ მახსენდება. ამიტომ დაიწყო იქ ეს ამბავი”, – აცხადებს თევდორაძე და დასძენს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს პროკურატურა სამოხელეო თუ ფინანსურ ბრალდებაზე აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრებას და არა გირაოს:
“სამართლებრივ ნიუანსებში არ შევდივარ, მაგრამ ძალიან ცუდად ემთხვევა ყველაფერს ამ ადამიანების დაკავების პერიოდი. ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანია უკვე იწყება და 1,5 წლის წინ დაწყებულ საქმეზე რაღა ახლა გახდა ჯიბუხაიას დაკავება აუცილებელი?!”
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზურაბ ოტიაშვილს ბრალი თაღლითობაში, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და აკრძალული საჩუქრის მიღებაში ედება. რაც შეეხება ჯიბუხაიას და ჭელიძეს, ისინი საოლქო პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით დააკავა. საუბარია ხე–ტყის მასალაზე, რომელიც ხონის მუნიციპლაიტეტს შეჭირვებული მოსახლეობისთვის უნდა გადაეცა, გამოძიების ცნობით კი, ზემოხსენებულმა პირებმა დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს და მასალა არა გაჭირვებულებს, არამედ სხვა პირს გადასცეს. საქმე 2010 წლის იანვარში მომხდარ ფაქტს ეხება.
“როგორც მასალებიდან ირკვევა, 12 ათასი ლარის ზიანის მიყენებაზეა საუბარი ბიუჯეტისთვის და შეიძლებოდა, რომ გირაო შეეფარდებინათ მისთვის. 12 ათასი ლარის გამო არ დაემალებოდა ჯიბუხაია გამოძიებას და არ მიატოვებდა პენსიონერ და ავადმყოფ დედას, მაგრამ მათთვის მთავარია, რომ ზურაბ ჯიბუხაიამ კენჭი ვერ იყაროს. თუ მას შეეზღუდება არჩევნებში მოანიწლეობის უფლება, ეს იქნება შერჩევითი სამართლის უზნეო გამოვლინება ახალი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მოსაშორებლად”, – ამბობს თევდორაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი გია ვოლსკი “ნაცმოძრაობას” ამ საკითხზე პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს და უარყოფს ამ ფაქტების კავშირს მომავალ არჩევნებთან. მისი თქმით, სასამართლომ არა მხოლოდ ზემოხსენებული პირების მიმართ, არამედ გიგი უგულავასთან დაკავშირებითაც გამოიტანა მერის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება, რომელიც ასევე განიხილება არჩევნებში მონაწილეობის სავარაუდო კანდიდატად. ვოლსკის თქმით, ამ საქმეებშიც მთავარია ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიღებს სასამართლო:
“იგივე უგულავას საქმეში თუ მართლაც გაფლანგულია 50 მილიონი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რახან ის კანდიდატია, პასუხი არ მოეთხოვოს. ხან მოსწონთ ეს სასამართლო, ხან არ მოსწონთ. ფაქტია, რომ სასამართლო ყოველგვარი ზეწოლისგან გათავისუფლდა. პოლიტიკური სპეკულაციებია. ადამიანი, იქნება ეს “ქართული ოცნების” წარმომადგენელი თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი, თუ ის გადაცდომას დაუშვებს, უნდა იყოს დასჯილი”.
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ფიგურების დაკავება გარკვეულ კითხვებს აჩენს:
“ფაქტია, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ. როგორც “ნაცმოძრაობა” ამბობს, კანდიდატებად მოიაზრებიან. მე ვფიქრობ, რომ უნდა გამეორდეს იგივე პრაქტიკა, რასაც წინა არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი, ანუ უფრო სწორი იქნება, თუ არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში სამართალდამცველები ზოგადად სისხლის სამართლებრივი დევნისაგან და განსაკუთრებით დაკავებებისაგან თავს შეიკავებენ. თუ გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს, ვფიქრობ, რომ 5–6 წლის წინანდელ საქმეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა დაიწყოს. ეს აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზეა საუბარი”, – ამბობს ლომჯარია.
“ნაციონალური მოძრაობა” კი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვს, რომელიც პარალელურად საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელია. საპარლამენტო არჩევნების დროს ის რეკომენდაცია, რომელზეც ლომჯარია საუბრობს – წინასაარჩევნო დაკავებებისაგან თავის შეკავების შესახებ, სწორედ ამ კომისიას ეკუთვნოდა.
“ჩვენ მოვითხოვთ შეხვედრას იუსტიციის მინისტრთან და გვსურს მისგან მოვისმინოთ ახსნა–განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ითხოვს პროკურატურა შესაძლო სამოხელეო ან ფინანსურ დანაშაულზე წინასწარ პატიმრობას, მაშინ, როცა თავად პროკურატურა არაერთხელ აცხადებდა, რომ ე.წ. თეთრი საყელოს დანაშაულზე წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა აღარ მოხდებოდა. ჩვენ გვსურს, რომ ეს შეხვედრა იყოს საჯარო, ღია მედიისთვის და მასში მონაწილეობა მიიღონ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა.
უწყებათაშორისი კომისიის გააქტიურებას ლომჯარიაც უჭერს მხარს:
“ასეთი დაკავებები წინასაარჩევნოდ სასურველი არ არის და ვთვლი, რომ კარგი იქნება, თუ უწყებათაშორისი კომისია უფრო ადრე შეიქმნება, ვიდრე ოფიციალურად გამოცხადდება არჩევნები”.
“რა თქმა უნდა, მე სერიოზულად შევისწავლი [ნაციონალური მოძრაობის] მომართვას და სხვა თუ არაფერი, იუსტიციის სამინისტროში წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს ხოლმე უწყებათაშორისი საბჭო. ამ წუთში ის მოქმედი არ არის კანონით დადგენილი წესით და როგორც კი არჩევნები გამოცხადდება, ამოქმედდება, მაგრამ შუალედურ პერიოდშიც არაფერი მიშლის ხელს, რომ როდესაც მომმართავენ და შეხვედრას ითხოვენ, მე მათ შევხვდე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა “ნაციონალური მოძრაობის” განცხადების საპასუხოდ.







