ახალი ამბები

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე განაჩენი სააპელაციომ ძალაში დატოვა

27 ივლისი, 2018 • 1247
ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე განაჩენი სააპელაციომ ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა  ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

პროკურატურის თანახმად, „ნავთლუღის სპეცოპერაციის“, ციხეში პატიმართა წამებისა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულებისთვის ციხეში პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნის ფაქტთან დაკავშირებით, ციხეში პატიმართა წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული ბ.ა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ბ.ა-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით. ასევე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლითა და 3 თვის ვადით.

ბრალდებულები გ.მ. და ლ.ქ, რომელთაც ბრალი ედებოდათ ჯგუფურად, სამი ადამიანის განზრახ მკვლელობაში, სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ს 109 მუხლის ,,ა“ და ,,თ“ პუნქტით და სასჯელის სახით შეუფარდა თვისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით ბრალდებულებს საბოლოდ მიესაჯათ 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ბრალდებული მ.ქ, რომელსაც ბრალი ედებოდა ციხეში პატიმართა წამების ფაქტზე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით მ.ქ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით.

პროკურატუროს ცნობით, სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2006 წლის 12 იანვარს ქ.თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, კუდის-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის დ.ა-ს და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის გ.დ-ს თანამონაწილეობით, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლ.ქ-მ და გ.მ-მ  მოკლეს ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი უდანაშაულო ახალგაზრდები – 17 წლის შ.გ., 20 წლის რ.ს. და 22 წლის მ.ა. აღნიშნული ქმედება ავტორებმა სპეცოპერაციად გამოაცხადეს და მისი შენიღბვის მიზნით მაშინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბ.ა-ს ინიციატივითა და მ.ქ-სთან ერთად მისი უშუალო მონაწილეობით პატიმრები აწამეს.

კერძოდ, პატიმრები გააშიშვლეს ციხის ეზოში, ხელკეტებისა და ავტომატების გამოყენებით სცემეს და იანვრის ღამეს, გაუსაძლის სიცივეში ცემით დაყარეს ტალახში და ნახევარი საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. გარდა ამისა, პატიმრების წამება მეშვიდე დაწესებულებაში ელექტროშოკის გამოყენებით განხორციელდა, რამაც პატიმრების ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწვია, აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების მტკიცებით, ბ.ა-მ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით უზრუნველყო სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულებისთვის ციხეში პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი