როგორც შსს-ში აცხადებენ, თელია კადრების განკარგვაშია გადაყვანილი.
ვალერი თელია აჭარაში დანიშვნიდან რამდენიმე თვეში სკანდალში გაეხვა – პოლიციის უფროსს ინციდენტი მოუხდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელთან, რომელსაც არაერთი თვითმხილველის თანდასწრებით ტანსაცმელი შემოახია და მისი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც ტერიტორიაზე განთავსებული ერთ-ერთი სათვალთვალო კამერიდან იქნა ამოღებული, შს სამინისტროს განმარტებით, ამოღების დროს დაზიანდა. სამინისტრომ ალტერნატიული სათვალთვალო კამერიდან ამოღებული კადრები გაავრცელა. ამ კადრებზე პოლიციის უფროსის ძალადობა არ ჩანდა.
“კადრების ამოღებას” ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსი გიგლა მოსიძე ხელმძღვანელობდა. შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თანამშრომელს, რომელმაც „დაუდევრობით წაშალა” აღნიშნული ჩანაწერი, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. განცხადებაში არ იყო მითითებული, საყვედური გიგლა მოსიძემ მიიღო თუ ვინმე სხვამ.
ვალერი თელიას ქმედება მაშინდელმა შს მინისტრმა და ამჟამინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა, როგორც „პოლიციელის მუნდირის დაცვა”.
ვალერი თელია აჭარის პოლიციის უფროსად 2013 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა.
ვალერი თელია ყოფილმა პრემიერმა 8 თებერვალს მწერალთა სახლში მწერალ დავით მაღრაძესთან ინტერვიუს დროს ახსენა. ინტერვიუს ერთ მონაკვეთში ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიციაში მუშაობის პერიოდი შეაფასა:
„გადაცდომები იყო, დათო?! იყო – პატარა იქ, რაღაც თელიაზე თუ ვიღაცაზე ბათუმში. მაგრამ ტენდენციაა მთავარი, როგორ შეიძლება ამხელა სტრუქტურაში შეცდომების გარეშე რამე მოიმართოს და ვიღაც თანამშრომელმა რაღაცა შეცდომა არ დაუშვას”…




