ახალი ამბები

ახალი ჰიდროელექტროსადგურები და მათ მშენებლობებში გამარჯვებული კომპანიები

19 თებერვალი, 2014 •
ახალი ჰიდროელექტროსადგურები და მათ მშენებლობებში გამარჯვებული კომპანიები

კახეთის რეგიონში, მდ. ავანისხევზე „ავანი ჰესს“ ქართული კომპანია „ენერგოინვესტი“ააშენებს. ჰესის დადგმული სიმძლავრე 4.6 მგვტია, წლიური გამომუშავება კი 18,63 მლნ.კვტ სთ.-ია.

 

ოფიციალური ცნობითვე, პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 7,8 მლნ შეადგენს.

 

ინვესტორმა ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ანალიზი და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ენერგეტიკის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში უნდა უზრუნველყოს, ხოლო ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში სამშენებლო ნებართვის აღებიდან 24 თვეში უნდა გაუშვას.

 

მდინარე დოლრაზე „დოლრაჰესი 3“- ის მშენებლობაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად თურქული კომპანია AHLATCI ENERJI SANAYI VE TICARET LIMITED SIRKETI  -ი გამოცხადდა.

 

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, „დოლრაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 30 მგვტ-ია. წლიური გამომუშავება კი – 124 მლნ. კვტ სთ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 41,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

 

ოფიციალური ინფორმაციითვე, ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ანალიზი და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ინვესტორსა და ენერგეტიკის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში უნდა მომზადდეს.

 

ახალი ჰესი სამშენებლო ნებართვის აღებიდან 36 თვეში უნდა ამოქმედდეს.

 

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, მდინარე რიონზე, “ალპანა“ და სადმელი“ ჰესების კასკადის მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად თურქული კომპანია Calik Enerji-ი გამოცხადდა. “ალპანაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 70,6მგვტ-ია. წლიური გამომუშავება კი – 356,8 მლნ.კვტ/სთ.

 

„სადმელიჰესის“ დადგმული სიმძლავრე 153 მგვტ-ს შეადგენს, წლიური გამომუშავება კი – 637,6 მლნ.კვტ/სთ-ს. კასკადის პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 485 მლნ აშშ დოლარია.

ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ანალიზი და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ინვესტორსა და ენერგეტიკის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში უნდა მომზადდეს, კასკადი ექსპლუატაციაში კი სამშენებლო ნებართვის აღებიდან 48 თვეში უნდა შევიდეს.

ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები, როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, უახლეს მომავალში დაიდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი