ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის პოზიცია თრუსოს ხეობის საკითხზე და თბილისის პასუხი

26 ივლისი, 2018 • 5566
ცხინვალის პოზიცია თრუსოს ხეობის საკითხზე და თბილისის პასუხი

“ოსეთი განუყოფელია, ისევე როგორც მისი ეროვნული სივრცე. დღეს ვის ხელშიც არ უნდა იყოს მისი ნაწილები – ეს ყველაფერი გარდამავალია”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში დიმიტრი მედოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდზე ოსური მხარის მიერ დასმული საკითხი იმის შესახებ, რომ “სამხრეთ ოსეთი პრეტენზიას აცხადებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ თრუსოსა და კობის ხეობებზე”.

“მე-20 საუკუნის დასაწყისიდან 21-ე საუკუნის დასაწყისამდე საქართველოს ხელისუფლება- როგორც მენშევიკური ,ასევე ბოლშევიკური -პერმანენტულად აწყობდა ეთნიკური ოსების ეროვნულ წმენდას, ძალადობრივად ასახლებდა მათ, მასობრივად კლავდა და დევნიდა ძირძველი ტერიტორიებიდან. თავიდან ეს იყვნენ მენშევიკები – 1920 წელს, შემდეგ ეს პოლიტიკა შეიარაღებულმა ბოლშევიკებმა 1937-38 წლებში გააგრძელეს. შემდეგ, 1949-53 წლებში, იგივე გააგრძელეს ქართველმა კომუნისტებმა, თუმცა, უკვე “რბილი ძალის” გამოყენებით – ასიმილაციისა და კულტურული გენოდიცის პოლიტიკით.

ის, რაც უკვე ჩვენი თაობის თვალწინ ხდებოდა, ნეოფაშიზმის გარდა ვერაფერს დაარქმევ. მათ, ვინც დღეს ოსებს ძმებს უწოდებენ, საჩვენებლად მაინც ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ. ბევრმა დაივიწყა ქარელის, ბორჯომის, გორის და სხვა რაიონებში ეთნიკური წმენდა. ჩვენ ყველაფერი გვახსოვს. ადრეც მითქვამს, არაფერი დაგვივიწყებია და მომავალშიც ასევე ხისტი რეაქცია გვექნება ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც ჩვენს ერთიან ეროვნულ ორგანიზმს შეეხება. ეს საკითხი მუდმივად იდგა და ყოველთვის იქნება ჟენევის დღის წესრიგიშიც”, – აცხადებს მედოევი.

კითხვაზე, რა ფორმით იყო ჟენევაში დაყენებული აღნიშნული საკითხი, დიმიტრი მედოევი პასუხობს:

“ჟენევაში ოსეთის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევებზე, იმ მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაზე, რომელთაც წინაპრების საფლავებზე გასვლის უფლება არ მისცეს. ყოველივე ეს ძმობასა და კეთილ ზრახვებზე ფუჭი საუბრების ფონზე ხდება”.

ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ოსური ისტორიული ტერიტორიების შესახებ აღნიშნული იყო:

“სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა კვლავ მოუწოდეს ქართულ მხარეს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოსეთის ისტორიულ მხარე თრუსოს ხეობაში, რომელიც ოსი მოსახლეობის გაყრის შემდეგ სრულიად დაცლილია, დაუშვან ექსპერტები ოსური ისტორიულ-არქიტექტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის კვლევისა და შეფასებისთვის”.

ცხინვალის ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოში ვლადიკავკაზიდან სოფელ კობში წინაპართა საფლავების მოსანახულებლად ჩამოსული მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს და გამშვები პუნქტიდან უკან გააბრუნეს. ოფიციალური განცხადება ქართულ მხარეს ამ საკითხზე არ გაუკეთებია. თუმცა ოსურმა მხარემ მაშინ თბილისი ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

თრუსოს ხეობის საკითხზე ოსური მხარის საპასუხო კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ:

“პერიოდულად რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალში აკეთებს პროვოკაციულ განცხადებებს თრუსოს ხეობასთან დაკავშირებით.
ცხადია ეს ყველაფერი არის ორკესტრირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს არ არის ახალი თემა.

2008 წლიდან მოყოლებული ამ თემებს პერიოდულად წევენ, როცა მათ მიზანს წარმოადგენს დამატებითი პროვოკაციების შექმნა ადგილზე. თრუსოს ხეობა არასდროს ყოფილა კონფლიქტის ზონის ნაწილი. იგი არ შედიოდა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში. ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ის განცხადებები, რასაც ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აკეთებენ. ცხადია, საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალს ადგილზე მიმდინარე პროცესებს, იღებს შესაბამის პრევენციულ ზომებს. ვრეაგირებთ უკანონო განვითარებებზე. ყველა ჩვენი პარტნიორი ინფორმირებულია ამ საკითხის შესაძლო პროვოკაციულო შედეგების შესახებ და ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მივმართავთ ყველა ზომას, რათა მოხდეს ნებისმიერი სახის პროვოკაციული ნაბიჯის პრევენცია”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში, რომელიც ნეტგაზეთს მიაწოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი