24-25 ივნისს, თიბისი ბანკის ინიციატივით ჩატარებული პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ. კონკურსი წელს პირველად ტარდება და მისი მიზანია წაახალისოს საქართველოში ისეთი აპლიკაციების, ვებ-გვერდების თუ სხვა სახის ტექნიკური გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც გაამარტივებენ ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობას, ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: ფინანსები და ბუღალტერია, ადამიანური რესურსების მართვა, კლიენტებთან ურთიერთობა, გაყიდვების კონტროლი და სხვა.
როგორც პროექტის მენეჯერი თაკო ჯაფარიძე ამბობს, კონკურსის მიმართ ინტერესმა ორგანიზატორების მოლოდინებს გადააჭარბა. მთლიანობაში, პროექტის ფარგლებში 80-მდე განაცხადი შევიდა. იდეების უმრავლესობა სხვადასხვა ბიზნესპროცესის გამარტივებას ემსახურება:
“საკმაოდ ბევრი საინტერესო იდეა შემოვიდა, ჩანს რომ კონკურსანტებმა ზუსტად გაიგეს რას ვეძებდით. შემოტანილი იდეების უმრავლესობა ემსახურება სხვადასხვა პროცესების გამარტივებას ბიზნესებში და არის სხვადასხვა მიმართულებით წარმოდგენილი ეს იდეები. იქნება ეს ფინანსური მიმართულება, ადამიანური რესურსების მართვა თუ სხვა” – ამბობს პროექტის მენეჯერი.
თაკო ჯაფარიძის თქმით, კონკურსის მიზანი ახალი პროგრამული უზრუნველყოფებით მობილური აპლიკაციების შექმნაა, რომლებსაც შემდგომ ბიზნესები შეისყიდიან და საქმიანობას გაიმარტივებენ.
“ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის” მრჩეველი Finance in Motion წარმომადგენელი, ნანა მიქაშავიძე, რომელიც ჟიურის ერთ-ერთი წევრია, აცხადებს, რომ ამ პროექტით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ხდება არა პირდაპირ ფინანსური კუთხით, არამედმათთვის ახალი ტექნოლოგიური სერვისების შესაძლებლობების შექმნით.
ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პროექტების მხარდაჭერა. ზუსტად ასეთი პროექტებით ხდება მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, რაც თავისთავად ძალიან საჭიროა, არამედ საგანმანათლებლო და ტექნიკურიც, რომ უფრო ეფექტური, უფრო პროდუქტიული გახადონ თავიანთი საქმიანობა და შეძლონ მდგრადი კონკურენტული პოზიციის მოპოვება, – ამბობს მიქაშავიძე.
კონკურსში გამარჯვებულებს ოთხკაციანი ჟიური შეარჩევს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. გამარჯვებულებს კი ფულადი პრემიები გადაეცემათ. I ადგილის მფლობელი 30 000 ლარს მიიღებს, II და III ადგილის მფლობელები კი 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან.
როგორც კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი ჭარხალაშვილი ამბობს, მისი გუნდი სადაზღვევო პლატფორმაზე მუშაობს.
“ჩვენმა გუნდმა შექმნა ინოვაციური სადაზღვეო პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სადაზღვეო კომპანიებს, შექმნან ახალი ტიპის პროდუქტები, რაც ახლა ბაზარზე არ არის. ამ სერვისების განხორციელების შესაძლებლობა ბიზნსებს საკმაოდ სწრაფად, ყოველგვარი პროგრამისტთა ჯგუფის გარეშე, პირდაპირ სამართავი პანელიდან შეუძლიათ, რითაც გავამარტივეთ ძალიან ბევრი ბიზნესპროცესი სადაზღვეო სფეროში“, – ამბობს ჭარხალაშვილი.
თიბისი ბანკის ინიციატივით კონკურსი ივნისში დაიწყო და სამ ეტაპად მიმდინაროებს. კონკურსის გამარჯვებულები ოქტომბერში გამოვლინდებიან.
უფრო ვრცლად კონკურსის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.