ახალი ამბები

რას სწყინს ბიძინა ივანიშვილს გუნდისგან ეკა ბესელიას აზრით

25 ივლისი, 2018 • 1852
რას სწყინს ბიძინა ივანიშვილს გუნდისგან ეკა ბესელიას აზრით

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა “პირველი არხის” ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიცია საკუთარ გუნდზე მეტად აფასებს. ამ საკითხზე  პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა. ეკა ბესელია განმარტავს, რომ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს მუდმივად აკრიტიკებს, ხოლო “ქართული ოცნების” წევრები ივანიშვილის ღიად შექებას ერიდებიან, რათა მათ ეს საქციელი მლიქვნელობაში არ ჩაეთვალოთ.

“წესად იქცა ყველა სიტყვის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა. ამინდია ცუდი თუ ცუდ ხასიათზე გაეღვიძათ, ისინი იწყებენ ბიძინა ივანიშვილის ლანძღვას. ამ დროს არ ვიცით, ამ ადამიანმა ამ ქვეყანაში რა გააფუჭა. ის სიკეთის მეტს არაფერს აკეთებს. ამას ისე მიგვაჩვიეს, რომ ხშირად უპასუხოდ რჩება ეს ბრალდებები. თუ კარგს იტყვი ბიძინა ივანიშვილზე,  ხო არ ხარ მლიქვნელი. მე ეს პოზა არ მომწონს. სხვათა შორის, ხშირად ვამბობ, რომ მადლიერების გამოხატვა და ობიექტური პასუხის გაცემა განა სათაკილოა?! რატომ უნდა იყოს მოდად ქცეული, რომ ლანძონ ბიძინა ივანიშვილი და შენ პასუხი არ გასცე. ამ კაცს სიკეთის მეტი ხომ არაფერი გაუკეთებია,”-აცხადებს ეკა ბესელია.

ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა, მისი აზრით, რატომ არ იცავს მისი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებისაგან.

“ეს ბრალდებების ნიაღვარია. ყველა მოგონილია.  საზოგადოებაზე იგივეს ვერ გადავიტან, მაგრამ ოპოზიცია ნამდვილად ობიექტურად მაფასებს მე და ჩემს როლს… მაკრიტიკებენ დაჟინებით, რამეთუ იციან, რომ მე მაქვს რესურსი, რომ საზოგადოება მენდობა და შემიძლია… ჩემი პერსონის დაკნინებით თუ მიიღებენ შედეგს, შეუძლიათ სიტუაცია ამოაყირავონ, რაზეც ხელი ექავებათ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, თუ მისი გუნდის რომელიმე წევრს ჰგონია, რომ ოპოზიციის ბრალდებები მის მიმართ ლეგიტიმურია, მას შეუძლია შეხვდეს და ესაუბროს ამ საკითხებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი