ახალი ამბები

გაბუნია: ეს იყო ენერგიული ლიდერის გულწრფელი ინტერვიუ, ღრმა ანალიზით და სწორი აქცენტებით

25 ივლისი, 2018 • 8273
გაბუნია: ეს იყო ენერგიული ლიდერის გულწრფელი ინტერვიუ, ღრმა ანალიზით და სწორი აქცენტებით

პარლამენტარი, “ქართული ოცნების” წევრი ზაზა გაბუნია მიიჩნევს, რომ “ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის სასარგებლო იყო მისი მოაღვაწეობის ყველა სფეროში”.

“ეს იყო ენერგიული ლიდერის გულწრფელი ინტერვიუ, ღრმა ანალიზით და სწორი აქცენტებით, მომავლის საღი ხედვით და განსაზღვრული გეგმებით”, – ასე ეხმაურება დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ეთერში 24 ივლისს გადაიცა.

აღნიშნულ ინტერვიუში ივანიშვილმა თავის თანაგუნდელებს მოუწოდა, როდესაც მას ოპონენტები გააკრიტიკებენ, უფრო აქტიურად გაუწიონ წინააღმდეგობა და არგუმენტებით შეეკამათონ.

“ოპოზიცია ცოტა უფრო მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი” – თქვა ბიძინა ივანიშვილმა “პირველ არხთან” ინტერვიუში.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ბიძინა ივანიშვილის ამ ინტერვიუს მისივე გუნდიდან გამოეხმაურა, სწორედ ზაზა გაბუნიაა.

“თაობები კიდევ დიდხანს იამაყებენ მისი საერთო ეროვნული მნიშვნელობის საქმეებით. ის სასაგებლოა ქართული პოლიტიკისთვის პროცესში შემოსვლისთანავე. ის, რომ დღეს გაუმჯობესებული დემოკრატიული გარემოთი და ქართული დემოკრატიისთვის უკვე დამახასიათებელი ახალი შტრიხებით ვამაყობთ, ეს არის პირდაპირი შედეგი დემოკრატიული ტრანზიციის, დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯების და ამ თამასის მუდმივად ზრდის სტანდარტის დამკვიდრების და ყველა თანხმდება, რომ ეს როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან გასაგებად და დამაჯერებლად განმარტა ქართული ოცნების ეკონომიკური მიღწევები და ასევე ხაზი გაუსვა იმ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებს, რაც საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ, იქნება ეს საბანკო სექტორის რეგულირების აუცილებლობა, ჭარბვალიანობის აღმოფხვრა თუ სხვა”, – წერს ზაზა გაბუნია ფეისბუკის პირად გევრდზე.

დეპუტატისვე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ხედვები და გეგმები ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვან მუხტს შესძენს.

“ბიძინა ივანიშვილს აქვს უნიკალური როლი და მნიშვნელობა ქართული პოლიტიკისთვის, რაც პირველ რიგში მის მიერ ხალხის ინტერესების გამოხატვასა და დაცვაში ვლინდება”, – ამბობს პარლამენტარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი