ნეტგაზეთი | თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით აშშ-ში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით აშშ-ში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს – Netgazeti

თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით აშშ-ში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ნიუ-იორკის პროკურატურამ თაღლითობისა და დიდი ოდენობით თანხის გათეთრების საქმეზე ბრალი 25 პირს წაუყენა, რომელთა შორის საქართველოს 5 მოქალაქეა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ინტერნეტში მანქანების გაყიდვასთან დაკავშირებით ყალბი რეკლამები შექმნეს. ამ რეკლამების მეშვეობით ქვეყნის მასშტაბით ათეულობით ე.წ. პირამიდის მსგავსი კომპანია შეიქმნა. ამ კომპანიების დახმარებით კი ისინი მოქალაქეებისგან თანხას იღებდნენ. გამოძიების ინფორმაციით, სქემის მიხედვით, ბრალდებულები ამ თანხას თავიანთ ქვეყნებში აგზავნიდნენ. პროკურორ ჯეფრი ბერმანის თქმით, ბრალდებულებმა ადამიანებისგან მოტყუებით დაახლოებით 4 მლნ აშშ დოლარი მიიღეს.

გამოძიების თანახმად, 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივლისამდე ბრალდებულები ატყუებდნენ მოქალაქეებს და მათგან მანქანის სანაცვლოდ თანხას იღებდნენ. თაღლითური სქემა შემდეგნაირად მუშაობდა: ისინი თავს ასაღებდნენ ავტომობილის დილერებად, რომლებიც სხვადასხვა ცნობილი ინტერნეტ-აუქციონებისა და ვებ-საიტების დახმარებით მანქანებს ყიდდნენ. ინტერნეტში განთავსებული ამ რეკლამების მეშვეობით მოქალაქეები მათ უკავშირდებოდნენ და ასე ხდებოდნენ თაღლითური სქემის მსხვერპლი.

გამოძიების თანახმად, როდესაც მოქალაქეს მანქანისა და მისი ტრანსპორტირების თანხა უნდა დაეფარა, მათ ბრალდებულები სხვა კომპანიებთან ამისამართებდნენ. მომხმარებელს მანქანის საფასური სწორედ ამ კომპანიებისთვის უნდა გადაეხადა. სწორედ აქ ჩნდებოდნენ, პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულების მიერ შექმნილი პირამიდა-კომპანიები. მოქალაქეების მიერ მანქანებში გადახდილი თანხა ამ კომპანიების ანგარიშებზე ხვდებოდა. გამოძიების მტკიცებით, როგორც კი ამ კომპანიების ანგარიშებზე თანხა აღმოჩნდებოდა, ბრალდებულებს მაშინვე გამოჰქონდათ ფული ანგარიშიდან და ამ თანხას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გზავნიდნენ.

აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით, წარდგენილი ბრალი მაქსიმალურ საპატიმრო ვადად 30 წელს ითვალისწინებს. 25 ბრალდებულს შორის არიან უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ლატვიისა და ყაზახეთის მოქალაქეები.  ნიუ იორკის პროკურატურასთან ერთად საქმეს გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იძიებს. ნიუ იორკის პროკურატურის ინფორმაციით, 25 ბრალდებულიდან ნაწილი უკვე დააკავეს აშშ-ის სხვადასხვა ტერიტორიაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.