ახალი ამბები

მძიმე კითხვები იყო, საუბარი 3 საათს გაგრძელდა – ივანიშვილი კვირიკაშვილთან შეხვედრას იხსენებს

24 ივლისი, 2018 • 2141
მძიმე კითხვები იყო, საუბარი 3 საათს გაგრძელდა – ივანიშვილი კვირიკაშვილთან შეხვედრას იხსენებს

ბიძინა ივანიშვილმა “პირველ არხზე”, გადაცემა “აქტუალური თემის” ეთერში გიორგი კვირკაშვილის გადადგომის წინაპირობებზე ისაუბრა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს სახელმწიფოსა და ბიზნესის ინტერესების ერთმანეთისგან გამიჯვნა უჭირდა. ივანიშვილი  პარტიის ოფისში 12 ივნისს გამართულ შეხვედრას იხსენებს და აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კვირიკაშვილს “მძიმე კითხვები დაესვა”.

“…შეხვედრის დროსაც მძიმე კითხვები დაესვა კვირიკაშვილს. ის, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავის ქმედებებით. რა თქმა უნდა, ლობირება ბიზნესისა აუცილებელია ყველა ჩინოვნიკისგან.

მე პირადად მოწოდებული ვარ არა როგორც ჩინოვნიკი, არამედ როგორც მოქალაქე და იგივეს მოვუწეოდებდი ყველას, რომ მაქსიმალური დახმარება და ლობირება უნდა გავუწიოთ, განსაკუთრებით გარეთ, ექსპორტზე ჩვენს ბიზნესს, მაგრამ არც პრემიერს და არც მინისტრს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის ვალდებულებები, რაც მას აქვს კანონით განსაზღვრული, სახელმწიფო ინტერესების დაცვა, ეს ბალანსი არ უნდა დაირღვეს.

შეკითხვები იყო ძალიან მძიმე. საუბარი, ალბათ, სამ საათს გაგრძელდა. კვირიკაშვილს ჰქონდა საშუალება და რამდენჯერმე შეეცადა საპირისპირო აზრის გამოთქმას. დასასრულს კარგად ჩანდა, რომ მას აღარ ჰქონდა რესურსი მართვისა. აღარ ჰქონდა ნდობა არც პარლამენტში და არც მთავრობაში. ეს გახდა სწორედ მისი გადადგომის მიზეზი და არა ის, რომ ერთმა კაცმა, ივანიშვილმა დაიჟინა. “, – თქვა ივანიშვილმა.

შეხვედრა, რომელზეც ივანიშვილი საუბრობს, 12 ივნისს, “ქართული ოცნების” ოფისში შედგა. დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე შეკრებილი უმრავლესობისა და მთავრობის წევრები მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებზე მსჯელობდნენ. თუმცა “ოცნების” ოფისიდან გამოსული დეპუტატები მაშინ ამბობდნენ, რომ შეხვედრაზე “იუნისეფის” კვლევა განიხილეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი