UNICEF-ის კვლევის მიხედვით, ქურდობასთან ან რაიმე სხვა დანაშაულთან დაკავშირებით, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ჯგუფის წევრის დაპატიმრების შემთხვევაში, პოლიციელები ხშირად ასკვნიან, რომ დანაშაული 14 წლამდე ასაკის ბავშვმა ჩაიდინა, ან არწმუნებენ ამ ბავშვებს, დანაშაული საკუთარ თავზე აიღონ.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ქუჩაში მცხოვრებ/მომუშავე ბავშვთა ჯგუფების შიდა სტრუქტურა იერარქიულია, რაც გულისხმობს იმას, რომ ჯგუფის წევრები უპირატესი სტატუსის მქონე და დაქვემდებარებულ ბავშვებად იყოფიან. სწორედ ამის გამო, ხშირად ბავშვებს ერთმანეთის ან გარეშე პირების მიმართ ვალები უგროვდებათ, შესაბამისად, ისინი ქუჩაში მუშაობას დიდი ხნის მანძილზე ვერ აღწევენ თავს.
ბავშვების მონაყოლის მიხედვით, სწორედ “მაღალი სტატუსის მქონე” ბავშვები აიძულებენ დაქვემდებარებულ ბავშვებს დანაშაულის ჩადენას და ამ გზით მიღებულ შემოსავალს ართმევენ. კვლევის თანახმად, ეს უკანასკნელი იმას უკავშირდება, რომ საქართველოს კანონმდებლობა 14 წლამდე ბავშვების მიმართ სისხლისამართლებრივ დევნას არ ითვალისწინებს.
ბავშვების მონაყოლის მიხედვით, ქურდობასთან ან რაიმე სხვა დანაშაულთან დაკავშირებით, ბავშვების ჯგუფის დაპატიმრების შემთხვევაში, პოლიციის ოფიცრები ხშირად ასკვნიან, რომ დანაშაული 14 წლამდე ასაკის ბავშვმა ჩაიდინა, ან არწმუნებენ ამ ბავშვებს, დანაშაული თავის თავზე აიღონ.
აღნიშნულს არ ეთანხმებიან შსს-ში. როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განუმარტა, სამინისტრო კვლევაში მოცემულ მოსაზრებას არ იზიარებს.
“ყოველ შემთხვევაში, დღეს ამ პრობლემის წინაშე შსს არ დგას. გაჩნდა კითხები, ხომ არ დგანან გარკვეული კრიმინალური ჯგუფები ამის მიღმა. ეს ასე არ არის, ესენი არიან ძირითადად 14 წელს მიღწეული პირები, 14-18 წლის მოზარდები, რომლებიც 14 წლამდე პირებთან ერთად დანაშაულს სჩადიან, როგროც კი ხდება მათი იდენტიფიცირება, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები,” – ამბობს მეზვრიშვილი.
ვრცლად კვლევის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.