ახალი ამბები

ქუჩაში მცხოვრები დაუცველი ბავშვები საქართველოში – UNICEF- ის კვლევა

24 ივლისი, 2018 • 6014
ქუჩაში მცხოვრები დაუცველი ბავშვები საქართველოში – UNICEF- ის კვლევა

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები განსაკუთრებით დაუცველნი არიან ძალადობისგან, როგორც მათზე მზურნველების, ასევე ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ახალგაზრდებისგან – ვკითხულობთ UNICEF-ის ახალ ანგარიშში.

ამავე კვლევის თანახმად, ქუჩაში მცხოვრები გოგოები, რიგ შემთხვევაში, ჯგუფის შიგნით სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი შეიძლება იყვნენ. 

როგროც კველვაში ვკითხულობთ, საქართველოში ბავშვების ქუჩასთან კავშირი შეიძლება აღიწეროს იმის მიხედვით,რამდენად არის ბავშვი მშობლების ან ზრდასრული ნათესავების ზრუნვის, კონტროლის და მეთვალყურეობის ქვეშ.

საქართველოში მოპოვებული მონაცემების მიხედვით, ქუჩის ბავშვების პოპულაცია შეიძლება შემდეგნაირად დაიყოს:

  • უსახლკარო ბავშვები და მოზარდები (ქუჩის): მოზარდები/ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და მუშაობენ
  • ქუჩაში უფროსის თანხლების გარეშე მყოფი ბავშვები, რომლებიც დასაძინებლად სახლში მიდიან:  ბავშვები, რომლებიც დღის უდიდეს ნაწილს მუშაობენ ან სხვა სახის ეკონომიკური აქტივობით არიან დაკავებულნი ქუჩაში უფროსის თანხლების გარეშე, მაგრამ მშობლები რეგულარულად უზრუნველყოფენ მათ საკვებით და/ან რესურსებით, ხოლო ბავშვებს თავიანთი წვლილი შეაქვთ ოჯახის შემოსავალში.
  • ქუჩის მობილური ოჯახების ბავშვები: ბავშვები რომლებიც ქუჩაში მომუშავე უფროსის თანხლებით არიან, ქუჩაში მუშაობენ, მაგრამ იქ არ სძინავთ.
  • უსახლკარო ოჯახების ბავშვები: უსახლკარო ოჯახების ბავშვების სიტუაცია ქუჩის მობილური ოჯახების ბავშვების სიტუაციის მსგავსია, მაგრამ ისინი ღამით სახლში არ ბრუნდებიან.

 

ქუჩაში ბავშვების ცხოვრების სოციალური ორგანიზება

კვლევის თანახმად, უფროსი ასაკის ბავშვები ქცევის განსაკუთრებულ კოდექსს იმუშავებენ და შიდა ურთიერთდამოკიდებულების კავშირებს ქმნიან. აღნიშნული არის ერთგვარი თავდაცვის სტატეგიის ნაწილი, თუმცა მისი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ კრიმინალურ საქმიანობაში ბავშვის ჩაბმას იწვევს.

როგორც პუბლიკაციაში ვკითხულობთ, ჯგუფების შიდა სტრუქტურა იერარქიულია, რაც გულისხმობს იმას, რომ ჯგუფის წევრები უპირატესი სტატუსის მქონე და დაქვემდებარებულ ბავშვებად იყოფიან. სწორედ ამის გამო, ბავშვებს ერთმანეთის ან გარეშე პირების მიმართ ხშირად უგროვდებათ ვალები, შესაბამისად, ისინი ქუჩაში მუშაობას დიდი ხნის მანძილზე ვერ აღწევენ თავს.

გარდა ამისა, ბავშვების მონაყოლის მიხედვით, სწორედ “მაღალი სტატუსის მქონე” ბავშვები აიძულებენ დაქვემდებარებულ ბავშვებს დანაშაულის ჩადენას და ამ გზით მიღებულ შემოსავალს ართმევენ. კვლევის თანახმად, ეს უკანასკნელი იმას უკავშირდება, რომ საქართველოს კანონმდებლობა 14 წლამდე ბავშვების მიმართ სისხლისამართლებრივ დევნას არ ითვალისწინებს.

ბავშვების მონაყოლის მიხედვით, ქურდობასთან ან რაიმე სხვა დანაშაულთან დაკავშირებით ბავშვების ჯგუფის დაპატიმრების შემთხვევაში პოლიციის ოფიცრები ხშირად ასკვნიან, რომ დანაშაული 14 წლამდე ასაკის ბავშვმა ჩაიდინა, ან არწმუნებენ ამ ბავშვებს, დანაშაული თავის თავზე აიღონ.

ბავშვთა ჯგუფების საოგანიზაციო სტურქუტრა ტერიტორიული დაყოფის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ ბავშვები ქალაქის გარკვეული უბნების კონტროლს ცდილობენ. სწორედ ამ უბნებში ისინი მათი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას ცდილობენ, რაც ხშირ შემთხვევაში, ურთიერთდაპირისპირების საფუძველი ხდება.

ძირითადი უფლებების დარღვევა

UNICF-ის კვლევის მიხედვით, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები განსაკუთრებით დაუცველნი არიან ძალადობისგან როგორც მათზე მზრუნველების, ასევ ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ახალგაზრდების მხრიდან. ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება არც განათლებაზე და არც სამედიცინო მომსახურებაზე, თუ არ ჩავთვლით სასწრაფო დახმარებას.

გარდა ამისა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ჯგუფების შიდა დინამიკისათვის შეიძლება დამახასიათებელი იყოს სექსუალური „დაჯილდოების“ სისტემა, რაც გოგონებს ძალადობის რისკის წინაშე აყენებს.

თბილისის ერთ-ერთი ჯგუფის ყოფილი წევრების ჩვენებების მიხედვით, გოგონები ვალდებულნი იყვნენ, სექსუალური მომსახურება გაეწიათ ბანდის (ან სექტის) უფროსი წევრებისთვის. სხვა ჯგუფების ყოფილი წევრები ყვებიან, რომ ისინი თავიანთი შემოსავლის ნაწილს იყენებენ სექსუალური მომსახურების საფასურის გადასახდელად.

“ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, ქუჩის ბავშვები სექსუალური ძალადობის შედეგად ტრავმირებულნი უნდა იყვნენ. ეს არაერთხელ აღნიშნეს კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა ფსიქოლოგებმა. ბავშვებისა და სოციალური მუშაკების მიერ დასახელებული იყო სხვა სახის, ძალადობით და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეული, ფსიქოლოგიური ტრავმებიც,” – წერია ანგარიშში.

ფაქტორები, რომლებიც ბავშვებს ქუჩაში ცხოვრებისკენ უბიძგებს

კვლევის თანამახად, ფაქტორებს შორის, რომლებიც ბავშვებს ქუჩაში ცხოვრებისკენ უბიძგებს და  ქუჩებში ახალი ბავშვების გამოჩენას უწყობს ხელს, იკვეთება მშობლების სიღარიბე და ბავშვების ჩართვა საქმიანობაში მშობლების დახმარების მიზნით. აღნიშნულის შედეგად, ისეთი სიტუაციები იქმნება, როდესაც ბავშვი ან მშობლის მიმართ მოვალეობის დიდი გრძნობის გამო შრომობს, ან იმიტომ, რომ ბავშვის მხრიდან შრომას მოითხოვენ ნათესავები.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი ფაქტორია მშობლის იძულებით მიგრაცია ან მშობლის გარდაცვალება/დაპატიმრება, ავადმყოფობა და/ან მავნე ნივთიერებების ბოროტად გამოყენება, რასაც მოჰყვება ბავშვის მიტოვება ან უგულებელყოფა და ბავშვის მიერ საკუთარ თავზე ზრუნვის საჭიროება.

ფაქტორებს შორის არის აგრეთვე ოჯახში ძალადობა–ფიზიკური ან ფსიქოლოგიური–რის გამოც ბავშვი სახლის გარეთ ცხოვრებას ამჯობინებს, და მკაცრი დისციპლინა. ეს უკანასკნელი გულისხმობს ბავშვთა სოციალური კავშირების კატეგორიული შეზღუდვასა და ზედმეტად მკაცრ წესებს  სარეაბილიტაციო ან მომსახურების დაწესებულებებში, მინდობით აღმზრდელ ოჯახებში ან არასრულწლოვანთა დახურულ სკოლებში, რის გამოც ბავშვებს და მოზარდებს წესების დამორჩილებას ქუჩაში ცხოვრება ურჩევნიათ და მზრუნველობის დაწესებულებებიდან არაერთგზის იპარებიან.

ამასთანავე, ერთ-ერთი ფაქტორია ურთიერთობა ბავშვებსა და მოზარდებს შორის, რის გამოც ბავშვები (თანდათანობით) სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სახლში და სულ უფრო მეტ დროს უთმობენ ქუჩაში მცხოვრებ და/ან მომუშავე ახალგაზრდებთან ურთიერთობას.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც, როგორც ჩანს, უბიძგებს ბავშვებს ქუჩაში ცხოვრებისკენ, დაკავშირებულია შავი ზღვის ტურისტულ კურორტებზე საარსებო საშუალებათა მოპოვების შესაძლებლობებთან: ქუჩაში მცხოვრებ და/ან მომუშავე ბავშვთა ცხოვრება ნაწილობრივ სეზონური მიგრაციის ფორმას ატარებს,” – ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი