ახალი ამბები

ათენში, ხანძრის ზონაში მყოფი საქართველოს ორივე მოქალაქე იპოვეს

24 ივლისი, 2018 • 3164
ათენში, ხანძრის ზონაში მყოფი საქართველოს ორივე მოქალაქე იპოვეს

საბერძნეთში მყოფი საქართველოს ორივე მოქალაქე, რომლებთან დაკავშირებაც ათენის გარეუბნებში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შემდეგ ვერ ხერხდებოდა, ნაპოვნია. ამის შესახებ საბერძნეთში საქართველოს საელჩო იუწყება.

მათივე ცნობით, ორივე მათგანი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად იმყოფება და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. საელჩო საბერძნეთის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას განაგრძობს.

“16:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს საელჩოში ჩვენს დაზარალებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ შემოსულა. ამ ეტაპზე საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ველით დაღუპულთა და ჰოსპიტალიზებულთა შესახებ ინფორმაციას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ქ. ათენის გარეუბნებში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ გარდაცვლილან, ან დაშავებულან”, – ნათქვამია განცხადებაში.

ათენის ზოგიერთ გარეუბანში გაჩენილი ძლიერი ხანძრის გამო საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას და საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, გააგრძელონ მასთან კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე: +306995779793 და მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე.

ათენის გარეუბანში გუშინ გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 50 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობები მიიღო 100-ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის, ბავშვებმა.

საბერძნეთის მთავრობამ ევროპის ქვეყნებს დახმარებისთვის მიმართა. დამატებითი ვერტმფრენები, სპეციალური ტექნიკა და მეხანძრეები საბერძნეთში იტალიიდან, გერმანიიდან პოლონეთიდან და საფრანგეთიდან გაგზავნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი