დამანგრეველი ხანძრის შემდეგ, საბერძნეთი სოლიდარობის გზავნილებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, თურქეთის მოქალაქეებისგანაც იღებს. ბერძნული მედიის ცნობით, ჰაშთაგი #Yunanistan(თურქულად – საბერძნეთი), რომელსაც თურქი მომხმარებლები სოლიდარობის ტექსტებში იყენებენ, სოციალურ მედიაში ერთ-ერთი მოწინავეა.
26 ივლისს, ხანძრიდან მეორე დღეს, თურქეთის ქალაქ იზმირში საბერძნეთისადმი სოლიდარობის აქციაც გაიმართა. ასობით ადამიანი საბერძნეთის ისტორიულ საკონსულოს შენობასთან მივიდა, სადაც ხანძრის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად ყვავილები და სანთლები მიიტანა. “ჩვენი გულები საბერძნეთის ხალხთანაა”, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
Dün akşam İzmir Müzisyenler Derneği nefrete karşı kardeşliğe şarkı söyledi. Her dilde acılarımız ortak bizim. Bir yunanca ezgi dilimizde. Yaşasın halkların kardeşliği! #Yunanistan pic.twitter.com/MxgLYXttdQ
— İzmir Halkevleri (@izmirhalkevleri) July 27, 2018
იზმირში გამართულ აქციაზე სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილის მხრიდან ხანძრის შემდეგ გახმიანებული ქსენოფობიური გამონათქვამებიც დაგმეს. საპასუხოდ, საბერძნეთის საკონსულოს თანამშრომლებმა მათ მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ “თურქი ხალხის მეგობრობის სჯერათ და ენდობიან მათ”.
სოლიდარობის კამპანია სოციალურ ქსელში ამ დრომდე გრძელდება. ჰაშთაგით #Yunanistan(თურქულად – საბერძნეთი) თურქეთის მოქალაქეები მეზობლებს უსამძიმრებენ და ძალების დროულად აღდგენას უსურვებენ.
23 ივლისს ათენის შემოგარენში, სამ სხვადასხვა ადგილზე, 15 ხანძრის კერა ერთდროულად გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 91 ადამიანი შეეწირა. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება Greek Reporter იუწყება, მთლიანად არის განადგურებული ტურისტული სოფელი მატი. ხანძრის შედეგად დამწვარია 3 ათასამდე სახლი და ასეულობით მანქანა. ტყეში გაჩენილი ხანძარი მალევე მოედო დასახლებულ რაიონებს, რასაც ხელი შეუწყო ძლიერმა, 100 კმ/სთ სიჩქარის ქარმა. ადამიანთა ნაწილმა ცეცხლმოდებული სახლებიდან და ავტომობილებიდან თავის დაღწევა ვერ შეძლო.