ახალი ამბები

ქუთაისის მერის მოვალეობას ისევ შოთა მურღულია შეასრულებს

17 თებერვალი, 2014 • • 1049
ქუთაისის მერის მოვალეობას ისევ შოთა მურღულია შეასრულებს

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი პრიველი მოადგილე ლევან კირკიტაძე შეასრულებს. როგორც “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე” მამუკა მღვდელაძე ამბობს, კირკიტაძესთან საკრებულოს წევრებმა კონსულტაციები გაიარეს და ის მერის მოვალეობის შემსრულებლად შოთა მურღულიას დანიშნავს:

 

“საკრებულომ დააკმაყოფილა თამაზ მარგველაშვილის განცხადება, სულ მალე მერის მოვალეობას შეასრულებს შოთა მურღულია და ყველაფერი იქნება წესრიგში. ლევან კირკიტაძე გამოსცემს ბრძანებას და შოთა მურღულიას დაავალებს მერის მოვალეობის შესრულებას.”

 

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე გია უკლება მიიჩნევს, რომ ქალაქი საცირკო არენად გადააქციეს:


“ცნობად მივიღეთ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის განცხადება. რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებს, ეს არის “ქართული ოცნებისა” და “პატრიოტთა ალიანსის” შიდა დაპირისპირება, რის გამოც ქუთაისის საცირკო არენად გადაიქცა. თამაზ მარგველაშვილს მოხარშულს ვიცნობ, მას რისკის გაწევა არ შეუძლია და მურღულიას ვერ გადააყენებდა, თუ “ოცნების” ზედა ეშელონებიდან არ ექნებოდა ნებართვა.”

 

პოლიტიკური კრიზისი ქუთაისში 12 თებერვალს, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის მიერ შოთა მურღულიასთვის მერის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტით დაიწყო.

 

ბრძანებაში, რომლის საფუძველზეც მურღულიას უფლებამოსილება შეუწყდა, წერია, რომ შოთა მურღულიას გაეგზავნა წერილობითი მიმართვები მერის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად კომისიის გადაწყვეტილებით წარდგენილი კანდიდატურების თაობაზე:

 

“ქალაქის მერის მოვალოების შემსრულებლის მიერ, გარკვეული გამონაკლისის გარდა, გაუგებარი მიზეზების გამო  არ არიან დანიშნულნი თაბნამდებობაზე მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოვალეობის შემსრულებლები. ასეთი ვითარება ქალაქში მიმდინარე პროცესების პარალიზებას იწვვეს და ხელს უშლის ქალაქის ნორმალურ ფუნქციონირებას; საგრძნობლად აფერხებს ინფრასტრუქტურული და ქალაქისთვის სხვა მნიშვნელოვნად სასიცოცხლო პროექტების განხორციელებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ხოლო შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ ბრძანება დაუსაბუთებელია და ის გაუქმდებოდა:

 

“საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, შესაბამისად, იქნება სამართლებრივი რეაგირება და ყველაფერი მოვა სამართლებრივ ჩარჩოებში, არანაირი პრობლემა არაა, ყველაფერი კარგად იქნება. ის, რა დასაბუთებაც აქვს ამ ბრძანებას, არის უკანონობა და უკანონო გადაწყვეტილება და, შესაბამისად, ეს ბრძანება გაუქმდება. მე არ მგონია, რომ სასამართლოში ჩივილი მომიწიოს, საკრებულო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას. სასამართლოსთვის მიმართვას არ გამოვრიცხავ, მაგრამ, ვფიქრობ, არ დაგვჭირდება.”

 

საკრებულოს თავმჯდომარემ მერის მოვალეობის შემსრულებლად ვიცემერი ნიკო კაჭკაჭიშვილი დანიშნა, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა. 
 

13 თებერლვალს შოთა მურღულიასთვის ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა საკრებულოს წევრებმა, მერიის აპარატის თანამშრომლების ნაწილმა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, “ქართული ოცნების” აქტივისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიიღეს. ისინი თამაზ მარგველაშვილის გადადგომას და საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას მოითხოვდნენ.  მომდევნო დღეს თამაზ მარგველაშვილი გადადგა.

 

აღნიშნულ აქციამდე ერთი დღით ადრე მამუკა მღვდელაძემ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.


საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გია უკლება სიტყვით გამოსვლისას ამ მოწოდებას შეეხო და “ქართული ოცნების წევრებს” კითხვით მიმართა: “თქვენი ფრაქციის თავმჯდომარე დებილია?”

 

რაზეც მამუკა მღვდელაძემ უპასუხა: “რომ გითხრან შენ ხარ დებილი-ო, რას იზამ?”

ქუთაისის საკრებულოს სხდომა
ქუთაისის საკრებულოს სხდომა

მასალების გადაბეჭდვის წესი