ახალი ამბები

მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანია ძალიან მასკულინურია – კობახიძე

24 ივლისი, 2018 • 4902
მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანია ძალიან მასკულინურია – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევისას კრიტერიუმი არ იქნება “ქართული ოცნებისადმი” ლოიალური დამოკიდებულება.

“კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, ის უნდა იყოს ზეპარტიული, შესაბამისად, ჩემი აზრით, პარტიისადმი ლოიალური დამოკიდებულება არ უნდა იყოს კრიტერიუმი. უნდა იყოს სისტემის მიმართ და სახელმწიფოს მიმართ ლოიალური. გასული 5 წლის განმავლობაშ, ჩვენ გვახსოვს კონკრეტული პარტიების მიმართ ლოიალური პრეზიდენტი და ასეთი პრეზიდენტის გამეორება, ბუნებრივია, ჩვენ არ გვინდა. შესაბამისად, “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალობა არ იქნება კრიტერიუმი. კრიტერიუმი შეიძლება იყოს სხვადასხვა, დაწყებული ასაკით, დამთავრებული გენდერით. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მასკულინურია ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია, ხდება მხოლოდ და მხოლოდ კაცი კანდიდატების წარდგენა, ამ კუთხითაც შეიძლება დაფიქრება და შეიძლება არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ დროისთვის ცნობილია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და “ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძე. საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს, მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშივილი, უცნობია.

IPN-ის მიერ გავრცელებული ცნობით, “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლოა სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი. თავად ზურაბიშვილმა კი თქვა, რომ როდესაც რამე ექნება სათქმელი, ბრიფინგს გამართავს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი გახდა. ამ ოლქში “ქართულ ოცნებას” კანდიდატი არ წამოუყენებია და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ზურაბიშვილი მმართველი პარტიის წევრი არ არის, “ოცნებაში” სწორედ მას დაუჭირეს მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი