ახალი ამბები

ათენში, ხანძრის ზონაში, საქართველოს 2 მოქალაქეს ეძებენ

24 ივლისი, 2018 • 3818
ათენში, ხანძრის ზონაში, საქართველოს 2 მოქალაქეს ეძებენ

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, ცხელ ხაზზე დამატებით ორი ზარი შევიდა საქართველოს ორ მოქალაქეზე, რომლებთან დაკავშირებასაც მათი ოჯახის წევრები ვერ ახერხებენ.

“საელჩოს საკონსულო სამსახური ინტენსიურად ეძებს მათ, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. 12:00 საათის მდგომარეობით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა და ჰოსპიტალიზირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან. ჩვენ განვაგრძობთ შემოსულ ზარებზე მყისიერ რეაგირებას და შექმნილი ვითარების ყოველსაათობრივ მონიტორინგს”, – აცხადებს საქართველოს საელჩო საბერძნეთში.

როგორც საელჩო აცხადებს, გუშინ ღამით ხანძრის შედეგად დაზარალებულ საქართველოს სამ მოქალაქეს გაუწიეს შესაბამისი დახმარება. მათი განცხადებით, ერთ-ერთი მოქალაქე გვიან ღამით უშუალოდ საკონსულოს თანამშრომლებმა გამოიყვანეს ხანძრის ზონიდან.

  • ხანძრის ზონაში დაკარგული საქართველოს ორი მოქალაქის შესახებ დამატებით ინფორმაციას ნეტგაზეთი მიღებისთანავე გაცნობებთ.

ათენის ზოგიერთ გარეუბანში გაჩენილი ძლიერი ხანძრის გამო საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას და საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, გააგრძელონ საელჩოსთან კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე: +306995779793 და მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე.

ათენის გარეუბანში გუშინ გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 50 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობები მიიღო 100-ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის, ბავშვებმა.

საბერძნეთის მთავრობამ ევროპის ქვეყნებს დახმარებისთვის მიმართა. დამატებითი ვერტმფრენები, სპეციალური ტექნიკა და მეხანძრეები საბერძნეთში იტალიიდან, გერმანიიდან პოლონეთიდან და საფრანგეთიდან გაგზავნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი