ახალი ამბები

“ჩემთვის სწავლა ანტიდეპრესანტად იქცა” – გაიცანით თსუ-ის 70 წლის სტუდენტი

24 ივლისი, 2018 • 11765
“ჩემთვის სწავლა ანტიდეპრესანტად იქცა” – გაიცანით თსუ-ის 70 წლის სტუდენტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70 წლის სტუდენტი, გიორგი მიქაძე, 2 წელიწადზე მეტია კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიას ეუფლება. თავდაპირველად მის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა თსუ-ის ფეისბუქ გვერდმა, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებელთა შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გადაწყვეტილების მიზეზებსა და საყვარელ პროფესიაზე გიორგი მიქაძე “ნეტგაზეთსაც” ესაუბრა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა გიორგი მიქაძემ შვილს ფაკულტეტის შეცვლა სთხოვა. ის მამას დათანხმდა, თუმცა უთხრა, რომ სურვილს მხოლოდ ერთი პირობით შეუსრულებდა:

“ჩემი შვილი სწავლობდა კოლეჯ “იკაროსში”. მე მინდოდა, იმაზე სერიოზულ ფაკულტეტზე ჩაებარებინა, სადაც სწავლობდა. მითხრა, რომ ხელახლა ჩააბარებდა და ამავე კოლეჯში ბარმენის პროფესიას დაეუფლებოდა, თუმცა ერთი პირობით: მთხოვა, შენც უნდა ჩააბაროო. მე ინსულტი მქონდა გადატანილი და დეპრესიაში ვიყავი, არსად გავდიოდი. სწორედ ამ პერიოდში მთხოვა ეს. ასეც მოვიქეცი და იმ წელს ორივემ ჩავაბარეთ “იკაროსში”. ეს იყო 4 წლის წინ”.

გიორგი მიქაძისთვის გიდის პროფესია ახალი არ არის. წლების წინ რუსეთში ტურიზმის აკადემია დაამთავრა და მას შემდეგ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უამრავ ტურისტს ემსახურება.

რთულად თუ წარმოიდგენდა, რომ შვილის, ერთი შეხედვით, რთულად განსახორციელებელი გამოწვევა მისი ცხოვრების შემობრუნების წერტილად იქცეოდა. თუმცა ფაქტია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში სწავლა აღარ შეუწყვეტია. ხელიდან არ უშვებს არცერთ შესაძლებლობას, რომელიც პროფესიული განვითარების საშუალებას მისცემს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც ასეთივე შესაძლებლობა აღმოჩნდა, სადაც კოლეჯის დამთავრების შემდეგ, სირთულის მიუხედავად, სასურველ პროგრამაზე სწავლას მაინც შეუდგა.

“პირველი დღეები საშინელი იყო. სკეპტიციზმსა და განსხვავებულ დამოკიდებულებას ვგრძნობდი. თუმცა ეს ყველაფერი კოლეჯში უკვე გავლილი მქონდა…

…როგორც შემდგომ გავიგე, თსუ-ში იმ პროგრამაზე, სადაც მე მოვხვდი, 100 ადამიანს ჰქონდა შეტანილი განაცხადი. აქედან მხოლოდ 10 აურჩევიათ და მეათე ადგილზე მე გავსულვარ”, – იხსენებს სტუდენტი.

4 წლის შემდეგ გიორგი მიქაძისთვის სწავლა აღარ არის მხოლოდ დამატებითი განათლების მიღების შესაძლებლობა. 70 წლის სტუდენტი “ნეტგაზეთს” მისი ცხოვრების რთული წლების შესახებაც უყვება და ამბობს, რომ კოლეჯი თუ უნივერსიტეტი მისთვის ერთგვარ თერაპიის კურსად იქცა, რომლის თავის დანებებაც მკურნალობის შეწყვეტის ტოლფასია.

“როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, იმავე წელს ინსულტი გადავიტანე. მაინც არ დავნებდი და გამოვედი. ახლა უკვე მეორე წელი მთავრდება, რაც ვსწავლობ. ემოცია დიდია. მეუღლე 10 წლის წინ დავკარგე. მარტოობამ და დეპრესიამ შეიძლება ადამიანი ჭკუიდან შეშალოს.

…ჩემთვის სწავლა ანტიდეპრესანტად გადაიქცა. ესაა როგორც საშუალება ავადმყოფობის საწინააღმდეგოდ. დღეს უამრავი პენსიონერი კვდება იმის გამო, რომ არ სჭირდება არც ოჯახს და არც სახელმწიფოს…”, – ამბობს ის.

გიორგი მიქაძე თსუ-ის პროფესიულ პროგრამას რამდენიმე თვეში ამთავრებს, თუმცა ამბობს, რომ პროცესი ამით არ დასრულებულა. არის კიდევ ერთი მიმართულება, სადაც ასევე სურს, საკუთარი თავი გამოსცადოს:

“ორჯერ ვცადე ტუროპერატორის პროფესიულ პროგრამაზე ჩაბარება კვლავ კოლეჯ “იკაროსში”, თუმცა დიდი კონკურსი იყო და ქულები არ მეყო. ოქტომბერში, სანამ უნივერსიტეტს დავამთავრებ, კიდევ ერთხელ ვცდი. თუ არ გამოვიდა, ისევ უნივერსიტეტში ჩავაბარებ ამავე პროგრამაზე”.

ადამიანებს შორის, ვინც საქმისადმი სიყვარული და მოტივაცია ჩაუნერგა, დედას გამოჰყოფს. ამბობს, რომ სწორედ მასთან ერთად გატარებული წლებია იმ პროცესების წინაპირობა, რომლებიც მის ცხოვრებაში ახლა მიმდინარეობს:

“კოლეჯში ჩაბარებამ ძალიან დადებითად იმოქმედა, რადგან ყოველთვის მიყვარდა სწავლა და გონებრივი მუშაობა. დედაჩემმა მთელი თავისი რესურსი დახარჯა, რომ გავეზარდე. პატარაობიდანვე მასწავლა შრომა. მე თვითონ ვრეცხავდი, ვაუთოებდი და ყველაფერს ვაკეთებდი. ის ორ ადგილას მუშაობდა და მე ვეხმარებოდი. ასეთ სიტუაციაში ვარ გაზრდილი და ასევე ვეცადე, გამეზარდა შვილი”.

მიიჩნევს, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა. აპირებს, სწავლა განაგრძოს და ცოდნა თუ გამოცდილება გაუზიაროს მას, ვისაც ახლა ყველაზე მეტად ელის:

“ჩემი მთავარი ფუნქცია ბავშვის გაზრდა იყო. ახლა უკვე 22 წლისაა და რამდენიმე დღის წინ ცოლიც მოიყვანა. ახლა შვილიშვილს დაველოდები. მანამდე კი შემიძლია ვისწავლო და ვისწავლო.

…ჩემი ფუნქცია მორჩება, როცა ცოტას ჩემს შვილიშვილსაც ვასწავლი. ამით დასრულდება ის მოცემულობა, რასაც ცხოვრება ჰქვია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი