პოლიციელმა დასაკავებელ პირს ესროლა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა – შსს

შსს–ს ცნობით, პოლიციელმა ქურდობის აღკვეთის დროს დასაკავებელ პირს ესროლა, რის შედეგადაც მოქალაქე გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციით, დღეს, 23 ივლისს, გამთენიისას, ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველებმა ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დაუდგენელ პირს წაასწრეს.

უწყების ცნობით, პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. პოლიციელმა თავდასხმის მოგერიების მიზნით სამსახურებრივი იარაღიდან გაისროლა და დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com