ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს ღარიბაშვილს აბრალებს

13 თებერვალი, 2014 • • 1002
“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს ღარიბაშვილს აბრალებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრი ქუთაისის საკრებულოში, გია გოქაძე ამტკიცებს, რომ შოთა მურღულიას ქალაქის მერობისთვის ამზადებენ და ქალაქში განვითარებული მოვლენები ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების პროცესია:

 

„დღევანდელმა განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ქუთაისის თვითმმართველობა გარდაიცვალა, ეს პროცესები იმართება თბილისიდან, ეს არის ჩვეულებრივი ფანდი, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული ოცნების“ მიერ გათამაშებული ქუთაისის მოსახლეობის მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილი და თარხან-მოურავი მთავარი შემოქმედები არიან ამ პროცესების. თქვენ მოგეხსენებათ, დღევანდელი მერი ნარმანიას ახლო მეგობარია და ყველანაირად ცდილობენ ეს კაცი გაიყვანონ ქალაქის მერად. ყველაფერი, რაც ხდება, არის ბლეფი, თვალის ახვევა მოსახლეობისთვის, რომ თითქოს ჩაგრავენ, ამცირებენ და ა.შ. ემზადებიან არჩევნებისათვის. რაც მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, მურღულიას არაფერი გაუკეთებია, ამიტომ მისი რეიტინგის აწევას ცდილობენ.”

 

გოქაძე ასევე აცხადებს, რომ ქუთაისში დღეს გამართულ აქციაზე მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები მიიყვანეს:


„ყველაზე ამაზრზენი და ყველაზე შემაწუხებელი რაც მოხდა, ესაა კარის აჭედვა. მე მესმის მოქალაქეების დამოკიდებულება, მაგრამ ეს არ იყვნენ მოქალაქეები, არამედ კოალიცია „ქართული ოცნების” აქტივისტები, სამსახურიდან გამოშვებული ხალხი, კერძოდ, აიპებსა და მუნიციპალიტეტებში პირდაპირ მოუწოდეს თანამშრომლებს, რომ აქციაზე წასულიყვნენ და მხარი დაეჭირათ მურღულიასთვის. ეს ყველაფერი მისი რეიტინგის აწევას ემსახურება, რაც ძალიან სამწუხაროა.

 

პროცესები, რომელიც დღეს ვითარდება, ამაში აქტიურ მონაწილეობას იღებს მემამულე გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი. შოთა მურღულია არის კომუნისტი, კიკვიძის ძეგლი ვერ ჩამოვაღებინეთ, წერილი გაგზავნილი გვაქვს და პასუხიც კი არ გაუცია,“ – აღნიშნა გოქაძემ.

 

შოთა მურღულიასთვის ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო დღეს, 13 თებერვალს ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

 

ბრძანებაში, რომლის საფუძველზეც მურღულიას უფლებამოსილება შეუწყდა, წერია, რომ შოთა მურღულიას გაეგზავნა წერილობითი მიმართვები მერის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად კომისიის გადაწყვეტილებით წარდგენილი კანდიდატურების თაობაზე:

 

“ქალაქის მერის მოვალოების შემსრულებლის მიერ, გარკვეული გამონაკლისის გარდა, გაუგებარი მიზეზების გამო  არ არიან დანიშნულნი თაბნამდებობზე მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოვალეობის შემსრულებლები. ასეთი ვითარება ქალაქში მიმდინარე პროცესების პარალიზებას იწვვეს და ხელს უშლის ქალაქის ნორმალურ ფუნქციონირებას, საგრძნობლად აფერხებს ინფრასტრუქტურული და ქალაქისთვის სხვა მნიშვნელოვნად სასიცოცხლო პროექტების განხორციელებას”, – ნათქვამია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში, რომლის საფუძველზეც შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეუწყდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი