ახალი ამბები

მეშახტეების დაღუპვის შესასწავლად NGO-ები საგმოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

20 ივლისი, 2018 • 1516
მეშახტეების დაღუპვის შესასწავლად NGO-ები საგმოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტს მიმართავენ. 

ორგანიზაციები ითხოვენ, საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს და შეაფასოს ტყიბულში, “საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის მფლობელობაში არსებულ შახტებში ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამომწვევი ყველა საწარმოო შემთხვევა 2006 წლიდან დღემდე. ასევე, მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის და ობიექტურობის საკითხი.

“საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ საწარმოს სხვადასხვა დონის მენეჯმენტის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, არამედ ამ საქმეების გამოძიების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების მიერ სავარაუდო სამოხელეო თუ სხვა დანაშაულის ჩადენის საკითხი. კონკრეტულად, კერძო კომპანიის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ მათი მაღალ ლოიალობა, ობიექტური გამოძიების სტანდარტების დაუცველობა და სხვა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები”,- აცხადებენ ორგანიზაციები. 

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის საქმიანობის არაეფექტიანობა განსაკუთრებულად ცხადია ტყიბულის შახტებში მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით. ამ დრომდე გამოძიებას არცერთ შემთხვევაზე არ შეუსწავლია და დაუდგენია საწარმოს მმართველებისა თუ სხვადასხვა მენეჯერული რგოლის წარმომადგენლების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

“სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე დაუცველი ჯგუფების სიცოცხლის, უფლებების და ინტერესების დაცვის სფეროში სისხლის სამართლის პოლიტიკის აშკარა ინდიფერენტულობა და უსამართლობა სამართალდაცვით პოლიტიკაში სოციალური იერარქიების ღრმა პრობლემაზე მიუთითებს და სოციალურად გარიყული ჯგუფებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას არსებითად ასუსტებს“,- აცხადებენ ორგანიზაციები. 

2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა მხოლოდ 3 შემთხვევაში. საქმეთა 72.2% არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა მერყეობს 500-დან 5000 ლარამდე.

საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
კონსტიტუციის 42- მუხლი
ღია საზოგადოების ფონდი
სოლიდარობის ქსელიმშრომელთა ცენტრის
ახალგაზრდა სოციალისტები
თანასწორობის მოძრაობა
საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
კულტურულ ურთიერთობათა ცენტრიკავკასიური სახლი

მასალების გადაბეჭდვის წესი