ახალი ამბები

“ქართული ოცნება” მერიის თანამშრომლებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

12 თებერვალი, 2014 • • 930
“ქართული ოცნება” მერიის თანამშრომლებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე მერიისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს მიმართავს:


„ვფიქრობ, მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ ნიკო კაჭკაჭიშვილს ეყოფა გამბედაობა და ამ სამდღიან სქემაში არ შევა ამ გარიგებაში, მას ხვალ დილამდე აქვს დრო, რომ ჩამოყალიბდეს და უარი თქვას მერის მოვალეობის შესრულებაზე. რადიკალური ნაბიჯები არის საჭირო, მოვუწოდებ ადმინისტრაციულ რესურსს შეუერთდეს სამოქალაქო პროტესტს. სჯობს, სამი დღე ადმინისტრაციულმა რესურსმა არ შეასრულოს თავისი მოვალეობა, ვიდრე ჩვენ დავრჩეთ სქემებში და მივიღოთ ის, რომ დაკვეთებით ნიკო კაჭკაჭისვილმა განახორციელოს წმენდა.“

 

მღვდელაძის თქმით, საკრებულოს 10 დეპუტატი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილისა და საკრებულოს საფინანსო კომისიის ხელმძღვანელის გოგიტა გოგელაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს, შესაბამისად, მისივე განმარტებით, ამ საკითხების განსახილველად საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 18  თებერვალს გაიმართება.

 

ფრაქცია „ჩემი ქალაქის“ წევრი მერაბ მეშველიანი დარწმუნებულია, რომ თამაზ მარგველაშვილს გადააყენებენ:

 

„ჩვენ მოვითხოვთ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას, რადგან ის ხელს უშლის თვითმმართველობაში მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებას და ამის გამოხატულება არის დღევანდელი დღე.  წარმატებულ ადამიანს, რომელიც საქმიანად და კონტაქტურად მუშაობს, ხელი ეშლება, მაგრამ ეს არაფერია, რიგგარეშე სხდომა დანიშნულია და საკრებულოს უმრავლესობა, დარწმუნებული ვარ, თავმჯდომარის გადაყენების გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.“

 

საკრებულოს კიდევ ერთი ფრაქციის „ქუთაისის მომავლისთვის“ წევრი დავით დვალი მომდევნო დღეების განმავლობაში მოსახლეობას თვითმმართველობის ქონების შეძენისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.

 

ხოლო „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ დირექტორი სულხან ქობულაძე აცხადებს, რომ ხვალ მარგველაშვილს სამუშაო კაბინეტის კარს აუჭედავს:

 

„მარგელაშვილი დე ფაქტო თავმჯდომარეა საკრებულოსი და მე ხვალვე ვიზამ იმას, რომ მან ვერ შეძლოს მოვალეობის შესრულება და კარს ავუჭედავ. იგივეს გავუკეთებ ნიკო კაჭკაჭიშვილს, თუ მერის მოვალეობის შესრულებას დათანხმდება. კაჭკაჭიშვილი კაკო ბობოხიძის მეგობარი, მისი დანიშნული კადრი და თუ ამ სქემაში ერთვება, ეს ცხადყოფს იმას, რომ ალიანსი არსებობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის.“

 

საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან ხვალ, 13 თებერვალს, 11 საათზე გაიმართება. რაც შეეხება შოთა მურღულიას, როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ის კომენტარს ნახევარ საათში გააკეთებს. 

 

განცხადებაში, რომლის საფუძველზეც მურღულიას უფლებამოსილება შეუწყდა, წერია, რომ შოთა მურღულიას გაეგზავნა წერილობითი მიმართვები მერის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად კომისიის გადაწყვეტილებით წარდგენილი კანდიდატურების თაობაზე:

 

“ქალაქის მერის მოვალოების შემსრულებლის მიერ, გარკვეული გამონაკლისის გარდა, გაუგებარი მიზეზების გამო  არ არიან დანიშნულნი თაბნამდებობზე მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოვალეობის შემსრულებლები. ასეთი ვითარება ქალაქში მიმდინარე პროცესების პარალიზებას იწვვეს და ხელს უშლის ქალაქის ნორმალურ ფუნქციონირებას, საგრძნობლად აფერხებს ინფრასტრუქტურული და ქალაქისთვის სხვა მნიშვნელოვნად სასიცოცხლო პროექტების განხორციელებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი