ახალი ამბები

სასამართლომ უკანონო დაკავებით მიყენებული ზიანი 100 ლარად შეაფასა – GDI

19 ივლისი, 2018 • 1397
სასამართლომ უკანონო დაკავებით მიყენებული ზიანი 100 ლარად შეაფასა – GDI

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თეონა ტ -ს უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისთვის, რასაც ახალგაზრდა ქალის ერთი ღამით დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება მოჰყვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 ლარის გადახდა დააკისრა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობა არაადეკვატურია:

“სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის თავისუფლების ნებისმიერი ფორმით უკანონო ხელყოფას საერთო სასამართლოებმა მიყენებული ზიანისთვის სათანადო თანხის დაკისრებით მკაცრი და პრინციპული პასუხი უნდა გასცეს, რათა უწყებებმა და სამართალდამცავებმა გაცილებით მეტად იგრძნონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე” – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, თეონა ტ. სამართალდამცავებმა 2015 წლის 22 მაისს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სასამართლომ თეონა ტ. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ მიიჩნია და მის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო GDI-ს საჩივარს უკანონო დაკავებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი