ახალი ამბები

თამარ სანიკიძე: არაკვალიფიციურ უცხოელ პედაგოგებს აღარ ჩამოვიყვანთ

11 თებერვალი, 2014 • • 1115
თამარ სანიკიძე: არაკვალიფიციურ უცხოელ პედაგოგებს აღარ ჩამოვიყვანთ

“თავდაპირველად, როდესაც ეს პროექტი დაიწყო, აქ ჩამოდიოდნენ საზღვარგარეთიდან ადამიანები, რომელთათვისაც ინგლისური ენა მშობლიური არ იყო, არ იყვნენ არც პედაგოგიური კვალიფიკაციის და ა.შ. ასევე იყო ჩართული შუამავალი ორგანიზაცია, რომელიც ამ პედაგოგების მოძიებაში გვეხმარებოდა. 2013 წელს ჩვენ გადავხედეთ ამ პროგრამას და შევიტანეთ ცვლილებები. მოვითხოვეთ, რომ აუცილებლად ჩამოსულიყვნენ ადამიანები, რომელთათვისაც ინგლისური არის მშობლიური ენა, რადგან ჩამოსული ხალხის დიდი ნაწილი იყო ძალიან არაკვალიფიციური, მოვითხოვეთ პედაგოგის კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ნამდვილად დავრწმუნებულიყავით, რომ ესენი იცნობენ მეთოდოლოგიას და, შესაბამისად, ამეცადინებდნენ და იმუშავებდნენ ჩვენს პედაგოგებთან. ასევე ჩვენ უარი ვთქვით შუამავალი ორგანიზაციის მომსახურებაზე და ამით დავზოგეთ სერიოზული თანხები, რადგან უკვე არსებობს ის ჯგუფი, რომელსაც კონტაქტები დამყარებული აქვს და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი საკუთარი რესურსით ამის დამყარება”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ ღია მმართველობის ფარგლებში გამართული შეხვედრისას.

 

მინისტრის თქმით, აღნიშნულმა ცვლილებებმა შედეგი უკვე გამოიღო:

 

“ამ ქმედებებით ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგს და კვალიფიკაციის ამაღლებას. დღეს ბევრად უფრო ამაღლებულია ხარისხი, ბევრად უფრო კარგად მუშაობს ეს პროექტი, შედეგებიც, მოკვლევის თანახმად, რომელიც პერიოდულად ტარდება, ამას ყველაფერს გვიდასტურებს”, – განაცხადა სანიკიძემ. მისივე თქმით, ასეთივე პროექტს საქართველოში ახორციელებს “მშვიდობის კორპუსი”, ასევე ამ კუთხით მუშაობას დაიწყებს ბრიტანეთის საბჭო:

 

“მშვიდობის კორპუსის პროექტის მასშტაბები გაიზარდა, ერთ–ერთი წარმატებული პროექტია და ძალიან კარგად მუშაობენ. ბრიტანეთის საბჭოსთან ვიწყებთ ახალი აკადემიური წლიდან ამ მიმართულებას, მათ ამის ძალიან კარგი კვალიფიკაცია გააჩნიათ და მე პირადად ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ, რომ ეს პროექტიც ერთ–ერთი თითით საჩვენებელი იქნება”, – აღნიშნა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი