ახალი ამბები

რუს მილიარდერს მაკედონიისთვის სახელის შეცვლის მოწინააღმდეგეების დაფინანსებაში ადანაშაულებენ

17 ივლისი, 2018 • 2600
რუს მილიარდერს მაკედონიისთვის სახელის შეცვლის მოწინააღმდეგეების დაფინანსებაში ადანაშაულებენ

საბერძნეთში მცხოვრები რუსი მილიარდერი ასეულათასობით ევროთი აფინანსებდა მაკედონიისთვის სახელის შეცვლის მოწინააღმდეგეებს. მათ შორის, ვინც თანხას იღებდა, ის პირებიც იყვნენ, ვინც ქვეყნის დედაქალაქში მასობრივი არეულობის შექმნაში იღებდნენ მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ OCCRP ავრცელებს.

ბიზნესმენი მაკედონიის პრემიერ-მინისტრმაც დაადანაშაულა რუსეთის ინტერესების ლობირებაში, რაც მაკედონიისთვის სახელის შეცვლის პროცედურის წინააღმდეგობაში გამოიხატა, რათა ქვეყანის NATO-ში გაწევრიანების პროცესი შეფერხებულიყო.

Investigative Reporting Lab Macedonia-ს გამოძიებით დგინდება, რომ ივან სავადიმ სულ მცირე 300 000 ევრო ქვეყნისთვის სახელის შეცვლის მოწინააღმდეგეებს გადაურიცხა.

ივან სავიდი რუსი მილიარდერია, რომელიც საქართველოში, წალკაში დაიბადა. სავიდიმ კარიერა დაიწყო რუსეთის ყველაზე დიდ თამბაქოს კომპანიის პრივატიზაციით. ის რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიზნესმენია, რომლის ქონებაც 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2000-იანების დასაწყისში საბერძნეთში გადავიდა და საფეხბურთო კლუბი PAOK იყიდა. მისი ბიზნესიმპერია სალონიკშია ბაზირებული. სავიდი რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი იყო, ამჟამად კი საბერძნეთში ცხოვრობს.

ზემოხსენებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თანხა მაკედონიაში არსებულ ათობით პოლიტიკოსსა და პარტიას გადაერიცხა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ რადიკალური ნაციონალისტური ორგანიზაცია დააარსეს. ფული მიიღეს სახეფბურთო ხულიგნებმაც, რომლებიც არეულობის მოწყობაში იღებდნენ მონაწილეობას.
უკანასკნელი 30 წლის მანძილზე მაკედონიის ოფიციალური სახელი იყო იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია. ამის გამო მაკედონიას საბერძნეთთან დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა. ათენში აცხადებდნენ, რომ მაკედონიიას ამბიციები ჰქონდა საბერძნეთის ჩრდილოეთ პროვინციაზე, რომელსაც ასევე მაკედონია ჰქვია.

უთანხმოება იმდენად სერიოზული იყო, რომ ამის გამო, საბერძნეთის დაჟინებული მოთხოვნით, მაკედონიას NATO-ში გაწევრიანების საშუალებას არ აძლევდნენ.

სიტუაცია გასულ თვეს შეიცვალა, როდესაც ორი სახელმწიფო შეთანხმდა ქვეყანას დარქმეოდა ჩრდილოეთ მაკედონია.

მალევე, რაც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მაკედონიის გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო, მაკედონიის პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, თუმცა პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი ორჯერ არ მოაწერა.

მთავრობა იმედოვნებს, რომ ახალ სახელზე გადასვლას სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი რეფერანდუმის გზით მოახერხებენ.

ამის ფონზე, ნაციონალისტებმა და სახელის შეცვლის მოაწინააღმდეგეებმა ქუჩები დაიკავეს. 1500-მდე დემონსტრანტი მაკედონიის პროდასავლური პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვდა.

პარლამენტის შენობას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებიც დაუშინეს, თუმცა არც შენობა და არც ადამიანები არ დაზიანებულან. პოლიციამ 26 დემონსტრანტი დააკავა.

მოსკოვი NATO-ს დიდი ხანია ებრძვის გაფართოების პოლიტიკას სხვადასხვა ასპარეზზე. მაკედონიის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით რუსეთი საბერძნეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებშიც იყო ჩართული.

გასულ კვირას საბერძნეთმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს, რადგან რუსეთი საბერძნეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აფინანსებდა.

ათენის ბრალდებებს მოსკოვში უარყოფენ და უსაფუძვლოს უწოდებენ, თუმცა დესტაბილიზაციური ქმედებების შეწყვეტისკენ რუსეთს აშშ საელმწიფო დეპატამენტიც მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი