ახალი ამბები

დაშავებულ მეშახტეთა უმრავლესობას დამწვრობები აღენიშნება

16 ივლისი, 2018 •
დაშავებულ მეშახტეთა უმრავლესობას დამწვრობები აღენიშნება

ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაშავებულთა ნაწილი თბილისში, ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში მკურნალობს.

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის თქმით, ერთ-ერთ პაციენტს სხეულის დამწვრობის გარდა სასუნთქი გზების დაზიანებაც აღენიშნება. მისი მდგომარეობა მძიმეა.

“ამ წუთისათვის შემოვიდა ჩვენთან 30 წლის მამაკაცი, რომელმაც შახტში მიიღო დაზიანება. აქვს სხეულის თერმული დამწვრობა- 25%, მესამე A და მესამე B ხარისხის. დამწვარი აქვს თავი, მტევნები, წინა მხრები და ქვედა კიდურებზე მცირე უბნები. ასევე, აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება, დამწვრობითი შოკი. მისი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში”, – განუცხადა ქაშიბაძემ მედიას.

დამწვრობის ცენტრში მოთავსებული პაციენტები ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მოინახულა. მისი განცხადებით, თბილისში სულ ხუთი პაციენტის გადმოყვანა იგეგმება. აქედან ოთხს აღენიშნება დამწვრობა, ერთს კი – ტრავმები:

“დაზიანებები მიიღო ექვსმა პაციენტმა. ერთი იქვე გაეწერა ბინაზე. დაზიანებები მსუბუქი იყო. ხუთი პაციენტი გადმოდის თბილისში. ერთი უკვე მიღებულია, 50%-იანი დამწვრობით. მეორე პაციენტიც მალევე შემოვა, აქ დამწვრობის უფრო დიდი ფართობი გვაქვს.

უმეტესობა პაციენტებს მიღებული აქვთ დამწვრობა. ერთი არის ტრავმული, რომელიც სხვა კლინიკაში შევა.  ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, მათ რეანიმაციული მკურნალობა სჭირდებათ, დანარჩენები საშუალო სიმძიმის არიან”.

უბედური შემთხვევა ტყიბულში 16 ივლისს, გამთენიისას მოხდა. დაიღუპა 4 მეშახტე, 6 კი დაშავდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით,  შახტის ერთ-ერთ გვირაბში,  სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

მომხდართან დაკავშირებით,გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დაილუქება.

მასალების გადაბეჭდვის წესი