ახალი ამბები

ტყიბულის შახტში დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა – ექიმი

16 ივლისი, 2018 • 15740
ტყიბულის შახტში დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა – ექიმი

ტყიბულის საავადმყოფოს ექიმი ამბობს, რომ მძიმეა იმ მეშახტეების მდგომარეობა, რომლებიც  შახტში 16 ივლისს, გამთენიისას, მინდელის სახელობის შახტში დაშავდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებს უთხრა, დაშავებულთაგან ორი კატასტროფის ბრიგადებმა გადაიყვანეს თბილისის დამწვრობის ცენტრში, კიდევ ერთის გადაყვანაზე მიმდინარეობს მსჯელობა, რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, ისინი ტყიბულის სააავდმყოფოში აგრძელებენ მკურნალობას. მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.

რუსთავი 2–მა გაავრცელა ტყიბულში მყოფი დაშავებულების ვიდეო. ერთ–ერთი პირი, რომელსაც სხეულის დიდი ნაწილი დამწვარი აქვს, ამბობს, რომ იქ, სადაც ინციდენტი მოხდა, ბევრი ადამიანი იმყოფებოდა და გარშემო არაფერი ჩანდა.

როგორც შსს აცხადებს, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ტყიბულში, შახტის ერთ-ერთ გვირაბში,  სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა


ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის 5 აპრილს მოხდა, რა დროსაც 6 მუშა დაიღუპა. ის “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არა-აღმასრულებელი დირექტორი გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში- ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

ამავე შახტში 2017 წელს 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან ოთხი ლიფტის ჩავარდნას ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი