ახალი ამბები

შემოქმედებითი ნაპერწკალი – შანსი შემოქმედებითი სტუდენტებისთვის

13 ივლისი, 2018 • 4550
შემოქმედებითი ნაპერწკალი – შანსი შემოქმედებითი სტუდენტებისთვის

შემოქმედებითი ნაპერწკალი- ასე ჰქვია 5-წლიან პროგრამას, რომელიც უმაღლესი განათლების ხელშეწყობას და უმუშევრობის დაძლევას ისახავს მიზნად. პროგრამის განხორციელების პირველივე წელს პროგრამა 10 000-ზე მეტ სტუდენტს უნდა დაეხმაროს.  

პროგრამა შემოქმედებითი მეწარმეობის გაძლიერებას უკავშირდება. შემოქმედებითი მეწარმეობა ახალი ტერმინია და მისი სხვადასხვაგვარი განმარტება არსებობს. შემოქმედებითი მეწარმეობა ფარავს შემდეგ სფეროებს – არქიტექტურა, დიზაინი, კინო, ტელევიზია, რადიო და ვიდეო/ფოტოხელოვნება, მუზეუმები, გალერეები, ბიბლიოთეკები, მუსიკა, საშემსრულებლო ხელოვნება, ვიზუალური ხელოვნება, სარეკლამო საქმე და მარკეტინგი, ხალხური რეწვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომპიუტერული მომსახურება, საგამომცემლო საქმე – ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, თარგმანები – პრაქტიკულად მთელი სახელოვნებო სექტორი.

პროგრამის ფარგლებში 7 ქვეყნის 20 უნივერსიტეტში სამეწარმეო ცენტრები შეიქმნება, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ სფეროების მიმართულებით იმუშავებს. ქვეყნებს შორისაა საქართველო. ჯერჯერობით უცნობია, 20 უნივერსიტეტიდან რამდენი იქნება საქართველოში არსებული უნივერსიტეტი, თუმცა პროგრამის ავტორები ამბობენ, რომ საქართველო და უკრაინა მოწინავე პარტნიორებად განიხილებიან.

პროგრამა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით ხორციელდება, ის დაეფუძნება შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების სფეროში ბრიტანეთის 20-წლიან გამოცდილებას.  2017 წლის მონაცემებით, ამ სექტორის წლიური ზრდა ბრიტანეთის ეკონომიკაში 3.6%-ია და ბრიტანეთის ეკონომიკის საერთო ღირებულების 14%-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ამ სექტორის ღირებულება £92 მილიარდია

“ბრიტანული უნივერსიტეტების თითქმის ნახევარი ახორციელებს სამეწარმეო უნარების განვითარების  პროგრამებს, რომელთა მიზანია სტუდენტების დახმარება, შემოქმედებით ცოდნასთან ერთად განივითარონ ბიზნესის წამოწყების და განვითარების უნარები, რათა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იყვნენ კონკურენტუნარიანები, და არა მარტო შემოქმედებითი ნიჭის ამარა, არამედ აღჭურვილნი წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელი ისეთი უნარებით, როგორიცაა შემოქმედებითი იდეის  გადაქცევა წარმატებულ ბიზნესად, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, კრედიტუნარიანობის უზრუნველყოფა და ინგლისურის ენის ცოდნაც კი. ეს უნარები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელოვნების სფეროში დასაქმებულთათვის”,- აცხადებენ პროგრამის ავტორები.

სტუდენტების ჩართულობას და მონაწილეობის პირობებს  განსაზღვრავენ პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩეული უნივერსიტეტები.  პროგრამის პირველ წელს სტუდენტური სასწავლო ტურები ბრიტანეთში არ იგეგმება. თუმცა პროგრამის შემდეგ ეტაპზე ეს კომპონენტი შესაძლოა დაემატოს.

პროგრამა 5-წლიანია, აქედან ორი წლის განმავლობაში პროგრამა ბრიტანეთის მთავრობის და პარტნიორების დაფინანსებით განხორციელდება, რაც პროგრამის ავტორების აზრით, მოამზადებს ნიადაგს არა მარტო ეროვნული მთავრობის მხრიდან მხარდაჭერისთვის, ასევე ხელს შეუწყობს უმაღლეს სასწავლებლებში სამეწარმეო განათლების ცენტრების მდგრადობას.

პროგრამის პირველი აქტივობა უკვე ჩატარდა და სამუშაო ვიზიტით ბრიტანეთს ეწვივნენ მონაწილე ქვეყნების სათანადო სამინისტროებისა და უნივერსიტეტების ხელმძღვანელობათა წარმომადგენლები.

აგვისტო-სექტემბერში დაგეგმილია ღია კონკურსით ერთობლივი ბრიტანულ-ქართული განაცხადების მომზადება და განსახილველად ჩაბარება,  ნოემბერში თბილისში ჩატარდება გამარჯვებული საუნივერსიტეტო პარტნიორობების ფორუმი, შემდეგ უკვე განხორციელდება ბიზნესუნარების განვითარების ტრენინგების სერია და მცირე წამახალისებელი სტუდენტური გრანტების ვიდეოკონკურსი პროგრამის ფარგლებში შემუშავებული საუკეთესო ბიზნესიდეების გამოსავლენად და წასახალისებლად.

“ბიზნესუნარების განვითარების ტრენინგების გარდა, დაგეგმილი აქტივობების მნიშვნელოვანი ნაწილია ინგლისური ენის ცოდნის ამაღლებისკენ მიმართული ონლაინ პროგრამები, რომელთაც ჩვენი პროგრამის მონაწილეებს შევთავაზებთ.  მოგეხსენებათ, ინგლისურის ცოდნის დეფიციტი ძალიან უშლის ხელს შემოქმედებით სექტორში დასაქმებულებს როგორც სექტორის უახლესი მიმდინარეობების გაცნობაში, ისე საერთაშორისო კონტაქტების დამყარებასა და განვითარებაში. ეს ყველაფერი პროგრამის პირველ წელს მოხდება”, – აცხადებენ პროექტის ავტორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი