ახალი ამბები

ბახტაძე მარშანიას: ჩემი ყოველი დღე აფხაზეთზე ფიქრით იწყება და მთავრდება

13 ივლისი, 2018 • 2263
ბახტაძე მარშანიას: ჩემი ყოველი დღე აფხაზეთზე ფიქრით იწყება და მთავრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” სხდომაზე ოკუპირებული რეგიონების მიმართ მისი და საქართველოს მთავრობის ხედვებზე ისაუბრა.

ბახტაძის კომენტარი “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატის, ადა მარშანიას რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ნატოსკენ სწრაფვა, როგორც საქართველოს მოსახლეობის ისტორიული არჩევანი, ასევე, ალიანსში ინტეგრაციის პარალელურად ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.

“მე დიდი ეჭვის ქვეშ ვაყენებ, რომ ჩვენი ერის ისტორიული ოცნება არის ნატო-ში შესვლა. მე დიდი ეჭვის ქვეშ ვაყენებ ამ ისტორიულ ნატვრას. და მე არ მინდა, რომ ისტორიულ ნატვრად გადაგვექცეს ჩვენ სოხუმსა და ცხინვალში შესვლა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს შეიძლება ემოციურ, მაგრამ სწორ ნათქვამს: ჩვენ ნატო-ში შევდივართ, თუ სოხუმსა და ცხინვალში შევდივართ?”, – თქვა მარშანიამ.

საპასუხოდ ბახტაძემ აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მისი “ცხოვრებისეული პრიორიტეტია”, აღნიშნულის  წინაპირობა კი საქართველოს ევროპული ყაიდის ქვეყნად ჩამოყალიბებაა.

“…ჩემი ყოველი დღე იწყება ფიქრით აფხაზეთზე და ყოველი საღამო ასე მთავრდება. რაც შეეხება ჩემს კავშირსა და ემოციურ დამოკიდებულებას ამ ყველაფრის მიმართ, გეტყვით, რომ ჩემს ოჯახს აქვს პირდაპირი კავშირი ოჩამჩირესთან და იმ ტკივილთან, რომელიც თითოეული ქართველის გულშია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ჩემი ცხოვრებისეული პრიორიტეტი.

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რა რეალობის წინაშე ვართ და, რა თქმა უნდა, რეალობას არ უნდა მოვწყდეთ. მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული და ის გუნდიც, რომელსაც წარმოვადგენ, რომ სწორედ ევროპული საქართველო, ევროპული ყაიდის ქვეყანა არის ის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები დავიბრუნოთ და ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი ევროპული ქვეყანა”, – აღნიშნა მან.

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმატში უსმენენ. 14 ივლისს კი სხდომა გაიმართება, სადაც გაირკვევა, გამოუცხადებს თუ არა ნდობას პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი