ახალი ამბები

საწვავის ხარისხის ამაღლების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო – კალაძე

13 ივლისი, 2018 •
საწვავის ხარისხის ამაღლების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო – კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს, 13 ივლისს, გამართულ სხდომაზე პრემიერ ბახტაძის ინიციატივას მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია საწვავის ხარისხის ზრდა და ამ მიმართულებით გარკვეული ცვლიებების განხორციელება.

„მინდა გამოვეხმაურო ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია, საწვავის მიმართულებით გარკვეული ცვლილებები მოხდეს, ანუ ხარისხი ამაღლდეს, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მგონია, რომ რაც შეიძლება მალეა განსახორციელებელი ეს ცვლილება, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის საწვავი შემოვიდეს. განსაკუთრებით, საუბარია დიზელის მიმართულებაზე. ასევე, უნდა შეიზღუდოს დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოსვლა ქვეყანაში, რაც ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში არსებული ავტოპარკი განახლდეს და ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ახალი ავტომობილი შემოვიდეს.

„ელექტრომობილებზე ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილია იმისთვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს. ასევე, ჰიბრიდებზე არის გარკვეული შეღავათები, თუმცა, ჯერჯერობით, ძველი ჰიბრიდული ავტომობილები შემოდის, რომელიც მგონია, რომ გარემოსთვის ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს არის ავტომობილები, რომელთა გაყიდვას იმ ქვეყნებში ახდენენ,
სადაც ისინი უკვე მოძველებულია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ეკოლოგია, რის გამოც მთავრობამ რამდენიმე ინიციატივა შეიმუშავა, რამაც მოკლე ვადაში მნიშვნელოვანი შედეგი უნდა მოიტანოს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გაიზრდება საწვავის ხარისხი, აიკრძალება საქართველოში დაბალი სტანდარტის მანქანების იმპორტი და გამკაცრდება მოთხოვნები ტექნიკურ დათვალიერებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი