აღნიშნული ცვლილება შეეხებათ იმ ბავშვებს, რომელთაც 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2014-2015 სასწავლო წელი გარდამავალ პერიოდად განისაზღვრება.
ხოლო 2015-2016 და ყოველი შემდგომი სასწავლო წლისათვის სასკოლო ასაკის მქონედ მიიჩნევიან ბავშვები, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყებამდე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტულება დასკვნითი სამუშაო შეხვედრის შემდეგ მიიღო.
მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები განათლების სისტემით დაინტერესებულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს, განათლების ექსპერტებსა და ფსიქოლოგებს შეხვდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული კვლევების შედეგების შესახებ.
სამუშაო შეხვედრებზე მიმოიხილეს წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS), 2011; ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა, 2012. TPDC. სოციალური კვლევების და ანალიზის ინსტიტუტი. სასკოლო მზაობის კვლევა, 2011. ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი. გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF); სხვადასხვა ფოკუსჯგუფებში ჩატარებული კვლევების შედეგები.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ “ზოგადი განათლების შესახებ კანონში” ცვლილებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მოამზადა.







