ახალი ამბები

როგორ დარეგულირდა თბილისის გენგეგმაში საკუთრების უფლების შეზღუდვის საკითხი

11 ივლისი, 2018 • 1799
როგორ დარეგულირდა თბილისის გენგეგმაში საკუთრების უფლების შეზღუდვის საკითხი

თბილისის განახლებული გენგეგმის მიხედვით,  დაზუსტდა გენგეგმიდან გამომდინარე სტრატეგიების შემუშავების დრო და თანმიმდევრულობა, ასევე, კერძო საკუთრების უფლებების რეგულირების საკითხები.

გენგეგმის მიხედვით, საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელებისას იზღუდება საპროექტო არეალში მდებარე უძრავი ნივთების მესაკუთრეთა უფლებები.

დოკუმენტში მოხმობილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება:

[checklist]

  • ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა,
  • საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება,
  • ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება.

[/checklist]

გენგეგმაში აღნიშნულია, რომ რამდენადაც ის არის სტრატეგიული დოკუმენტი და მისი საკანონმდებლო შემადგენლობა ძირითადად განვითარების მიმართულებების ჩვენებაზეა ორიენტირებული, დადგენილების პროექტში ზონალური ცვლილებებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესის განსაზღვრა მიზანშეუწონელია.

“უმჯობესია, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება ამ ნაწილის რეგულირების გარეშე მოხდეს და წინამდებარე დოკუმენტში მითითებული რეკომენდაციები შესაბამისი სახით ცალკე აისახოს გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე სამართლებრივი აქტის დანართად. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ შეიძლება არსებობდეს განუსაზღვრელი დროით. ზიანის ანაზღაურების მიმართ მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული რეგულირება”, – წერია გენგეგმაში.

გენგეგმის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების საშუალებად უნდა განისაზღვროს მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა ან/და ფულადი კომპენსაცია. ზიანის ოდენობა სასურველია შეფასდეს ერთობლივად შერჩეული ექსპერტის  ან აუდიტორის მიერ. შეფასების ხარჯები თავდაპირველად უნდა გაიღოს დაინტერესებულმა პირმა, თუმცა შემდგომში ეს ხარჯი ზიანის ოდენობასთან ერთად უნდა ანაზღაურდეს მუნიციპალიტეტის მიერ.

გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის თანახელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ განახლებულ გენგეგმაში, რომელიც თბილისის მერიამ დაამტკიცა და ახლა საკრებულომ უნდა განიხილოს, ცვლილებები შეეხო იმას, თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა შეიმუშაონ სხვადასხვა სტრატეგია:

[checklist]

  • ურბანული განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება – 2019–2020
  • თემატური სტრატეგიების და სამოქმედო გეგმის შემუშავება – 2019 – 2021
  • საბინაო ფონდის რეაბილიტაცია–განვითარების სტრატეგიის შემუშავება – 2019–2021
  • მიწის მართვის სტრატეგიის შემუშავება – 2019 – 2021
  • ბრაუნფილდებისა და სამრეწველო განვითარების სტრატეგიის შემუშავება – 2019 – 2022
  • სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – განვითარების სტრატეგიის შემუშავება – 2019 – 2024
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სტრატეგიის შემუშავება – 2019 – 2021
  • თბილისის აგლომერაციის განვითარების ხედვისა და სტრატეგიის შემუშავება 2021 – 2023
  • ქალაქმშენებლობითი დოკუმენტები – 2018–2023
  • ტურიზმის განვიათარების სტრატეგია – 2019 – 2020
  • ტრანსპორტის განვითარების გეგმის შემუშავება – 2019 – 2020

[/checklist]

თბილისის მერმა კახა კალაძემ 4 ივლისს განაცხადა, რომ მერიამ მხარი დაუჭირა გენგეგმას და საკრებულოში განსახილველად გააგზავნის.

“დოკუმენტის მთავარი ხაზი – მწვანე, შეკავშირებული  ქალაქის კონცეფცია, თავიდანვე დადებითად იყო შეფასებული დედაქალაქის მერიის მხრიდან და, ცხადია, სრულად იქნა გაზიარებული. მოგეხსენებათ, თბილისის მუნიციპალიტეტისა და პროფესიული წრეების დიდი ნაწილის პოზიცია კონცეფციასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო დადებითი, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყო გამყარებული, სრულყოფილი, აღსრულებადი დოკუმენტი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მათ არაერთი შენიშვნა ჰქონდათ “სითი ინსტიტუტის” მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორიცელების გზებს, ეტაპებს, საკუთრების საკითხებს, რუკის დახვეწას, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან მოყვანის შესაძლებლობას.

მერმა განაცხადა, რომ მერიის “სითი ინსტიტუტისა” და პროფესიულ წრეების თანამშრომლობით ყველა ეს ხარვეზი მაქსიმალურად გაითვალისწინეს და აღმოფხვრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი