2018 წლის პირველ ექვს თვეში გამოძიება დაიწყო ოჯახში დანაშაულის 2 804 ფაქტზე, აქედან სისხლისსამართლებრივი დევნა – 1933 პირის მიმართ. 2018 წლის 6 თვის მონაცემი უტოლდება გასული მთლიანი წლის ჯამურ მაჩვენებელს.
შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1 328 პირი.
რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3 292) ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემს. შსს-ს ცნობით, დაბალია შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის მაჩვენებელი, რაც მხოლოდ 7%-ს შეადგენს და ძირითადად გამოიხატება “მიახლოების აკრძალვის” დარღვევაში.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს, 10 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც ამჟამად პარლამენტში განიხილება. კანონპროექტის მიხედვით:
[checklist]
- მკაცრდება სასჯელი ოჯახში ძალადობაზე;
- გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება ხდება ცალკეული დანაშაულებისთვის;
- მკაცრდება სასჯელი ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩადენისათვის;
- შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.
[/checklist]