ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

9 ივლისი, 2018 • 2883
თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

დღეს, 9 ივლისს ახალგორელმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა 2 ივლისს დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა.

ერთკვირიანი შიმშილობის დაწყების მიზეზი, როგორც მეარაყიშვილი განმარტავდა, მის მიმართ დაწყებულ საქმეებზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის უმოქმედობა იყო.

“დიდხანს ვფიქრობდი და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, ორშაბათიდან, 2 ივლისიდან ერთი კვირით შიმშილობა გამოვაცხადო. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება მივიქციო, თუ რა დღეში მაგდებს ხელისუფლება ჩემი სამოქალაქო პოზიციებისა და შეხედულებების გამო. მე არანაირი დანაშაული ჩამიდენია. ყველა საქმე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ პროკურატურამ აღძრა – ფაბრიკაციაა. 1 თვეა უკვე, რაც ეს კოშმარი გრძელდება. სასამართლო პროცესები, რომელშიც ვმონაწილეობ – ყველაფერი ეს ჩემი სარჩელებიდან გამომდინარეა. პროკურატურა არ ჩქარობს, საქმე სასამართლოს გადასცეს და რომც გადასცენ, ეს უსასრულოდ გაგრძელდება. ამ გზით მათ უნდათ მორალურად და მატერიალურად დამაუძლურონ. ყოველდღიურად ირღვევა ჩემი კანონიერი უფლებები, პასუხად კი ხელისუფლებისგან დუმილია. ეს არის ჩემი პროტესტი ყოველივე ამაზე”, – წერდა მეარაყიშვილი.

შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ მეარაყიშვილი წერს მის მიერ დაწყებულ შიმშილობასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზეც:

“ხელისუფლებისგან არ ყოფილა გამოხმაურება. მხოლოდ შერიგების სამინისტროს ორი შაბლონური და უსუსურობის გამომხატველი კომენტარი გავრცელდა, რომელსაც გინდ მეარაყიშვილს მიაბამ, გინდ გატაცებულ მწყემსს, გამყოფ ხაზს ან საზღვრისპირა სოფლის პრობლემებს. მე რას ვითხოვ პროტესტის ამ უკიდურესი ფორმით? მქონდეს უწყვეტი საშუალება ადვოკატის მომსახურების და კომუნიკაციის ხარჯები. კიდევ უფრო მიმყარდება ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლებას თამარა მკვდარი სჭირდება”.

მისი უფლებების სამართლებრივი დაცვა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ იურისტებს არ შეუძლიათ, ამიტომ  გასულ წელს მეარაყიშვილმა მის მიმართ დაწყებული გამოძიების შემდეგ დაიქირავა ადვოკატი,
რომელიც ვლადიკავკაზში ცხოვრობს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალგორის რაიონის [ლენინგორი] პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს 2018 წლის 12 ივნისს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით – სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მიღება საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად გაყალბებული განცხადების საფუძველზე; აღნიშნული გაყალბებული დოკუმენტის გამოყენება და  მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” რეგიონული განყოფილების მიმართ ცილისწამება. იქამდე თამარ მეარაყიშვილი აღნიშნულ საქმეებში ეჭვმიტანილი იყო. პირველი საქმე მის მიმართ ადგილობრივმა პროკურატურამ 2017 წლის 16 აგვისტოს აღძრა.

მაშინ მეარაყიშვილის საქმეზე ცხინვალის ხელისუფლების მისამართით არაერთი განცხადება და მიმართვა გაკეთდა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველების მხრიდან.


მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებამდე თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

თამარ მეარაყიშვილის საქმეებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი