ახალი ამბებისამართალი

ინციდენტი ბათუმში ფეხბურთის რუს და ქართველ გულშემატკივარს შორის

8 ივლისი, 2018 • 16181
ინციდენტი ბათუმში ფეხბურთის რუს და ქართველ გულშემატკივარს შორის

წუხელ, ბათუმში, ანბანის კოშკთან ახლოს, დიდ ეკრანზე რუსეთისა და ხორვატიის თამაშის ყურებისას ქართველ და რუს გულშემატკივარს შორის ინციდენტი მოხდა.

ანბანის კოშკთან ხორვატიის საგულშემატკივროდ მისულმა ეკა ჭითანავამ რუსეთის დროშის ფრიალი ხმამაღალი შეძახილებით გააპროტესტა, რაც რუს გულშემატკივარს არ ესიამოვნა და პოლიციაში დარეკა. შედეგად, ორივე მათგანი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. როგორც ეკა ჭითანავა ამბობს, რუსი გოგო  იტყუებოდა, თითქოს მას ვინმე ფიზიკურად შეეხო.

რუსეთის ქომაგი ბათუმში. ფოტო: ეკა ჭითანავა

“ცხადია იქ იმიტომ მივედი, რომ ხორვატიისთვის მეგულშემატკივრა და ემოციები ღიად გამომეხატა. რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე ზუსტად ჩემს წინ აფრიალებდა რუსულ დროშას, რაც გავაპროტესტე. როცა ხორვატიამ გაიტანა გოლი, მას უფრო მივუახლოვდი და მისთვის კარგად გასაგონად, ხმამაღლა ვყვიროდი, “Go Croatia, fuck off Russia! რაზეც მომიბრუნდა, რატომ ჩამყვირიო. შემდეგ ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, მე ვაპროტესტებდი რუსეთის დროშის ფრიალს. “My country is occupied by your fucking country, so go, and wave your flag in Russia-მეთქი.

ქალბატონმა 112-ს დაურეკა, მცემენო. პოლიცია მოვიდა. წაგვიყვანეს ყველა პოლიციის განყოფილებაში. მე გამომყვა მხოლოდ ორი მოწმე, (უღრმესი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის). ქართველები, სხვები გაიძურწნენ. სამაგიეროდ, რუსი გოგოს საგულშემატკივროდ მოვიდნენ ქართველი ბიჭები. გამოკითხვისას როგორც გავიგე, რუსი იძახდა ფიზიკურად შემეხოო (იტყუება) და ოკუპანტი მიწოდაო.

ჩემი მოწმეები დილის 7 საათზე გამოკითხეს. მე არ მყავდა ადვოკატი. განყოფილებაში მოვიდნენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წევრი, მალხაზ ჭკადუა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. გავიარე კონსულტაცია იურისტებთან და ჩემი გამოკითხვა გადაიდო ორშაბათამდე. ჯერჯერობით ველოდები გამოძიების შედეგებს,” – აცხადებს ეკა ჭითანავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

  • ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. თამაში სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა. მატჩის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. დამატებით დროში ხოტვატიამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე რუსებმა 2-2 გახადეს ანგარიში. ესპანეთის ნაკრებისგან განსხვავებით, რომელიც რუსეთთან მერვედფინალურ მატჩში სწორედ პენალტების სერიაში დამარცხდა, ხორვატებმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლებს აჯობეს და ტურნირიდან გამოთიშეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი