ახალი ამბები

“ორ ქვეყანას საერთო ღირებულებები აერთიანებს” – აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე თბილისში

5 ივლისი, 2018 • 2319
“ორ ქვეყანას საერთო ღირებულებები აერთიანებს” – აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე თბილისში

თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ქვეყნის 242 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიება აშშ-ის საელჩოში შედგა.

საელჩოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, არასამთავრობო სექტორისა და რელიგიური გაერთიანებების წევრები იმყოფებოდნენ. მათ სიტყვით აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, საქართველოს პრემიერმა და პრეზიდენტმა მიმართეს და საქართველო-ამერიკის მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, პრემიერი და პრეზიდენტი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვილ ცერემონიაზე მეუფე იაკობი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის თქმით, ბრიუსელში 11-12 ივლისს დაგეგმილი ნატოს სამიტი საქართველოს წინსვლის წარმოჩენისათვის კარგი შესაძლებლობა იქნება.

“პრემიერთან, პრეზდენტთან და ჩვენს სხვა მეგობრებთან ერთად დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. გარდა ამისა, ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსთან პარტნიორობას, ვინაიდან ამ ორ ქვეყანას აერთიანებს სამი მთავარი ღირებულება: თავისუფლება, თანასწორობა და დამოუკიდებლობა.

მალე გაიმართება ნატოს სამიტი, სადაც ასევე იმსჯელებენ საქართველოზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რათა აღინიშნოს საქართველოს პროგრესი, რადგან მან ბევრი გააკეთა ნატოში გაწევრიანების გზაზე. მისი პროგრესი საკმაოდ მნიშვნელოვანია და  აშშ-ც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას”, – აღნიშნა მან.

ნატოს სამიტის მნიშვნელობაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც ისაუბრა. თუმცა მანამდე მან აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერასა და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესში ვაშინგტონის როლზე ისაუბრა:

“90-იან წლებში, დამოუკიდებლობის აღაირებისას, აშშ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა და  მას შემდეგ ის მტკიცედ დგას ჩვენს გვერდით თავისუფალი საქართველოს შენების პროცესში.

უკვე 10 წელზე მეტია, რაც ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები გვერდიგვერდ ებრძვიან მსოფლიოს მთავარ და რთულ გამოწვევას. 12 ივლისს, სულ რაღაც 1 კვირაში, გაიმართება ნატოს სამიტი, სადაც იმსჯელებენ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე, იმ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადავდგათ ერთობლივად, რომ ეს პროცესი უფრო დავაჩქაროთ. ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ ამ მიმართულებით და ცხადია, ამას ვერ შევძლებდით, რომ არა ჩვენი სტარტეგიული მოკავშირე და მეგობარი აშშ”.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს აერთიანებთ უმთავრესი ღირებულების – თავისუფლების პრიორიტეტულობა. მან ორი ქვეყნის ურთიერთობასა და ნატოში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესში ქართველი სამხედროების როლზეც ისაუბრა.

“ვდგავართ და ვიხსენებთ ადამიანებს, რომელთაც თავი შესწირეს ამ ღირებულებას. განსაკუთრებით, ჩვენს სამხედროებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. სწორედ მათი გმირობის გამომო სულ მალე ნატოს სამიტზე საქართველო იქნება კარგად და სწორად წარმოდგენილი.

ერთ-ერთ მთავარ კითხვას, რომელიც ალიანსის შიგნით ტრიალებს, საქართველო ძლიერ პასუხს სცემს როგორც თავისი რეფორმების, ასევე თავისი კაცებისა და ქალების გმირობით ბრძოლის ველზე.

მე დღეს ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს და იმის  გარანტიას გაძლევთ, რომ ქართველი ერი თავისი თავისუფლების სიყვარულით სულ უფრო მეტ გამარჯვებებს მიაღწევს მეგობრებთან ერთად; რომ ის ოკუპაცია, რომელიც არის ჩვენს მიწა-წყალზე, დასრულდება გამარჯვებით და დასრულდება მშვიდობით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 ივლისს აღინიშნება. 1776 წელს, სწორედ ამ დღეს, კონტინენტურმა კონგრესმა მიიღო დეკლარაცია, რომლის ძალითაც 13 ამერიკული კოლონია ახალ სახელმწიფოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებად გაერთიანდა. აშშ-ში ამ დღეს აღნიშნავენ მთელი რიგი ღონისძიებებითა და აქტივობებით, მათ შორის, აღლუმებით, კარნავალებით, პიკნიკებით, ბეისბოლისა და კალათბურთის თამაშითა და პოლიტიკური გამოსვლებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი