ახალი ამბები

სტიქიის გამო გარესამყაროს მოწყდა ჭუბერის თემის 10 სოფელი

5 ივლისი, 2018 • 2887
სტიქიის გამო გარესამყაროს მოწყდა ჭუბერის თემის 10 სოფელი

მესტიის მერიის ინფრასტურქუტის სამსახურის უფროსი გვანცა ჯაფარიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად ჭუბერის თემის ყველა სოფელს მიადგა ზიანი. გარესამყაროს მოწყვეტილია თემის ათივე სოფელი.

ჯაფარიძის თქმით, ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთები დაზარალდა. დაზიანდა სახლებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით, ადიდებულმა წყალმა ჭუბერის ცენტრამდე მისასვლელი გზა და ხიდი წაიღო, რის გამოც მაშველები ხეობის ზედა სოფლებში ვერ მიდიან:

“ჭუბერის ცენტრამდე მისასვლელი ხიდიც წაღებულია. სამაშველოც ვერ ახერხებს ზედა სოფლებთან დაკავშირებას და მისვლას, რადგან ფაქტობრივად არაა მისასვლელი გზა და ხიდი. ხეობას სრულად შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება. სატელეფონო კავშირი გვაქვს, თუმცა ადგილზე მისვლას და მდგომარეობის ნახვას ვერ ვახერხებთ. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. ტენდენციაც იქით მიდის, რომ მდინარე ნელ-ნელა დგება კალაპოტში” – ამბობს გვანცა ჯაფარიძე.

მესტიის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის ზიანი მიადგა თემს ადიდებული მდინარის გამო.

სტიქია ჭუბერში 05.07.18 ფოტო: ხათუნა ჩხეტიანი

სვანეთში, სოფელ ჭუბერთან მდინარე ნენსკრა ადიდდა. ამ ინფორმაციას ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მდინარის ადიდება მთის ჩამოშლამ გამოიწვია. მდინარემ წაიღო 4 ხიდი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი