ახალი ამბები

“გირჩი” სასამართლოში წასაყვანად ზოოპარკს სირაქლემას სთხოვს

5 ივლისი, 2018 • 9607
“გირჩი” სასამართლოში წასაყვანად ზოოპარკს სირაქლემას სთხოვს

“გირჩმა” 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის პროცესზე წასაყვანად ზოოპარკის დირექტორს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვს, რომ ნახევარი დღით დედალი სირაქლემა ათხოვონ. პარტიის თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ზურაბ გურიელიძესთან გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების სისტემა მთლიანად გადაქცეულია ქვიშაში თავჩარგულ სირაქლემად.

გირჩს პროტესტის ნიშნად სურს, რომ სასამართლოში დედალი სირაქლემა წაიყვანოს. თუმცა თბილისის ზოოპარკის სირაქლემები 13 ივნისის წყალდიდობის დროს დაიღუპნენ.

ზოოპარკის საზოგადოებასთნ უერთიერთობის სამსახურის უფროსმა, მზია შარაშიძემ გვითხრა, რომ ახლა მხოლოდ ემუ ჰყავთ, რომელიც ვიზუალურად ჰგავს სირაქლემას, მაგრამ მიწაში თავს არ რგავს ისევე, როგორც სირაქლემა. ემუ ავსტრალიაშია გავრცელებული, ხოლო სირაქლემა- აფრიკაში.

როგორც მზია შარაშიძე განმარტავს, თბილისის ზოოპარკის ემუ ძალიან აგრესიულია და მისი მარტივად სადმე გადაყვანა შეუძლებელია:

“ჩვენი ემუ მიჩვეული არაა ისე, რომ სადღაც ჩასვა და გადაიყვანო, ამიტომ მისი დაჭერა ან დაძინება, სადღაც წაყვანა და მოყვანა გამორიცხულია, რადგან შეიძება დაიღუპოს სტრესისგან. ასე ვერ დაიჭერ და მაშინ უნდა დააძინო. დაძინება კი ხდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.”

იაგო ხვიჩიას წერილი ზურაბ გურიელიძეს

თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ბ-ნ ზურაბ გურიელიძეს

ბ-ნო ზურაბ, გაცნობებთ, რომ ამა წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ზურაბ ჯაფარიძის გადადებული პროცესი, რომელზეც ბ-ნ ზურაბს პოლიცია დაუმორჩილებლობასა და პოლიციისათვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს 12 მაისის ღამით რუსთაველის გამზირზე ზემოთ აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია და შსს-მ სასამართლოზე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, გარდა პოლიციელთა ცრუ ჩვენებებისა, სასამართლოსთან ჩვენი ურთიერთობის გამოცდილება არ გვიტოვებს იმედს, რომ პროცესი წარიმართება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით და სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას.

გირჩი მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო და საერთო სასამართლოების სისტემა მთლიანად გადაქცეულია ქვიშაში თავჩარგულ სირაქლემად, რომელიც არ იმჩნევს ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამ რეალობის თვალსაჩინოდ დემონსტრირებისთვის, გთხოვთ, 13 ივლისისთვის, ნახევარი დღით გვათხოვოთ ერთი დედალი სირაქლემა. სირაქლემას ტრანსპორტირებას თბილისის საქალაქო სასამართლომდე და უკან ზოოპარკში, უზრუნველვყოფთ ჩვენ. ასევე, როგორც კი გვექნება თქვენი დასტური, ჩვენვე ჩავაყენებთ საქმის კურსში საპატრულო პოლიციას, რომ სირაქლემას ტრანსპორტირების დროს თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი შესაძლო ექსცესი.

საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიყოთ ერთი სირაქლემების პროფესიონალი მომვლელი, რომელი ამ ნახევარ დღეს გაატარებს ჩვენთან ერთად, მოგვცემს რეკომენდაციებს, დააკვირდება პროცესს და დარწმუნდება, რომ ცხოველის მიმართ ადგილი არ ექნება არაადამიანურ მოპყრობას. წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის. ერთად შევქმნათ სამართლიანი სასამართლო საქართველოში!

პატივისცემით, იაგო ხვიჩია
გირჩის თავმჯდომარე

თბილისის ზოოპარკის სირაქლემა, რომელიც 13 ივნისის წყალდიდობის დროს დაიღუპა. სურათი გადაღებულია 2014 წელს. ფოტო: მზია შარაშიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი