ახალი ამბები

თურქეთი აღარ არის ქვეყანა, რომელიც დასავლური ბლოკის ნაწილი იყო – სანდრო ბაკურაძე

3 ივლისი, 2018 • 3290
თურქეთი აღარ არის ქვეყანა, რომელიც დასავლური ბლოკის ნაწილი იყო – სანდრო ბაკურაძე

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის სათავეში რჩება. ახლა ქვეყანა საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლისთვის ემზადება, რაც ქვეყნის პირველი პირის ძალაუფლებას საგრძნობლად გაზრდის. 

ამ ფონზე, საინტერესოა, როგორ მოიგო ერდოღანმა არჩევნები? რა შეიცვლება ქვეყნის საპრეზიდენტო რესპუბლიკად ქცევის შემდეგ და როგორ წარიმართება თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები მომდევნო წლებში? 

ამ და სხვა კითხვებით “ნეტგაზეთმა” ანკარაში მცხოვრებ თურქოლოგს, სანდრო ბაკურაძეს მიმართა:

პირველ რიგში, მოკლედ რომ მოვუყვეთ მკითხველს, რამდენად სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს ფონზე აირჩიეს ერდოღანი და რა გავლენას ახდენდა საგანგებო მდგომარეობა ამ პროცესზე.

წინასაარჩევნო გარემო ნამდვილად არ შეიძლება სამართლიანად ჩაითვალოს – ინტერნეტცენზურის, მედიის კონტროლის და აშკარა ზეწოლის პირობებში ოპოზიცია საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შემორჩენილ ოპოზიციურ გამოცემას და სოციალურ მედიას, მთავრობის მომხრე მედიის ტაქტიკა ოპოზიციის გაშუქებასთან მიმართებაში შემდეგნაირი იყო: აქშენერი და “კარგი პარტია” იგნორირებულნი იყვნენ და მედია იქცეოდა ისე, თითქოს ისინი არც კი არსებობდნენ. “ხალხთა დემოკრატიული პარტია” დემონიზებული იყო და ტერორისტად გამოაცხადეს, ხოლო “სახალხო რესპუბლიკური პარტიის” და მუჰარემ ინჯეს  გაშუქების ტაქტიკა მიტინგებისა და გამოსვლების დამონტაჟებული კადრებით შემოიფარგლებოდა, რასაც ბოლო მომენტში სრპ-ს მიმართაც ტერორიზმის ბრალდებები დაემატა.

ასევე, ხშირი იყო თავდასხმები ოპოზიციის აქტივისტებზეც, რაც ერზურუმსა და ურფაში ლეტალური შედეგით დასრულდა, თავდასხმებს თან ერთვოდა ძალოვანი სტრუქტურების უმოქმედობაც. ასევე, საგანგებო მდგომარეობის მომიზეზებით აიკრძალა “ხალხთა დემოკრატიული პარტიის” მიერ დაგეგმილი რამდენიმე მიტინგიც. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ სელაჰათთინ დემირთაშის პატიმრობაში ყოფნაც.

საინტერესოა არჩევნების შედეგები გეოგრაფიულადაც. რა კონკრეტული სურათი გამოიკვეთა ამ მხრივ წინა არჩევნებთან შედარებით?

გეოგრაფიული კუთხით ვხედავთ, რომ ის სურათი, რასაც წინა არჩევნებზე ვხვდებოდით, შენარჩუნებულია: სტამბოლი, თრაკია, ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვისპირეთი და ქურთული რეგიონები კვლავ ოპოზიციურია, ხოლო  შიდა ანატოლია და შავი ზღვისპირეთი- ძირითადად მთავრობის მომხრე.

თუმცა ეჭვს ბადებს ქურთულ რეგიონებში ულტრანაციონალისტური მოძრაობის პარტიის ხმების ზრდა – მიუხედავად იმისა, რომ მედიაში ამის ახსნა რეგიონში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების და პოლიციელების ოდენობით სცადეს, ეს ახსნა გარკვეულ ეჭვებს ბადებს – მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების პერსონალის ოდენობა მხარდაჭერის ასტრონომიულ ზრდის ასახსნელად არასაკმარისია – რეგიონის ისტორიული საარჩევნო გეოგრაფია გვაჩვენებს, რომ ურფას, ადიამანისა და ბინგოლის გარდა პარტიას არცერთ ქურთულ პროვინციაში რეალური მხარდაჭერა არასოდეს გააჩნდა და ხსენებულ პროვინციებშიც არსებული მხარდაჭერა იდეოლოგიურზე მეტად სხვა მიზეზებს ეყრდნობა. მაშ შორის: “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის” მხარდამჭერთა სიმრავლით ცნობილ ურფას, აქჩაქალეს და ჰარანის რაიონებში კლანიზმს, ადიამანში მენზილის სუფიური სექტისა და აღნიშნულ პარტიას შორის არსებულ კავშირებს, ხოლო ბინგოლში 70-იანი წლების ბოლოს (სხვა პარტიების მიერ რეგიონული არჩევნების ბოიკოტირების შედეგად) ქალაქის მერად არჩეული ჰიქმეთ თექინის ფაქტორს.

რას მოუტანს თურქეთს საპრეზიდენტო მოდელი ერდოღანის პირობებში? რით განსხვავდება ეს მოდელი ევროპული საპრეზიდენტო მოდელისაგან, რომლებზეც ასე ხშირად აპელირებს ერდოღანის ხელისუფლება?

ე.წ. თურქული ტიპის საპრეზიდენტო მოდელი ევროპულისაგან ბევრად განსხვავდება, პირველ რიგში იმით, რომ პრეზიდენტის ძალაუფლების დამაბალანსებელი ფაქტორები თითქმის მთლიანად გამქრალია და თურქულ ისლამისტურ წრეებში პოპულარული მოაზროვნის და პოეტის, ნეჯიფ ფაზილის მიერ ფორმირებულ Başyüce-ს(უზენაესი ლიდერის) ცნებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე რომელიმე ევროპული ქვეყნის ან თუნდაც ამერიკულ საპრეზიდენტო მოდელთან.

პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია შეიარაღებული ძალები, დაზვერვა, სამინისტროები… პრეზიდენტივე ნიშნავს მოსამართლეებს და უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი, პარლამენტს ჩამორთმეული აქვს ნებისმიერი სახის უფლება აკონტროლოს სამინისტროები, ხოლო პრეზიდენტის წინააღმდეგ რაიმე სახის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას 360, ხოლო უშუალოდ საპარლამენტო ტრიბუნალის მიერ გასამართლებას 400 დეპუტატის მხარდამჭერა სჭირდება.

რა ელოდება თურქეთს? ვფიქრობ ის, რაც ტიპურ ახლოაღმოსავლურ ქვეყანას – რეჯეფ თაიფ ერდოღანი რამდენადაც შიდა პოლიტიკური ინტრიგების დიდოსტატია, იმდენადვე მოიკოჭლებს საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში.

ეს გვაფიქრებინებს, რომ თურქეთში ეკონომიკური პრობლემები გაგრძელდება, ხოლო ულტრანაციონალისტური პოპულიზმი, რომელიც რესპუბლიკური თურქეთის ისტორიის მანძილზე ყოველთვის ეფექტურად გამოიყენებოდა ფართო მასებზე გავლენის მოსახდენად, თითქმის გამორიცხავს თურქეთის საგარეო პოლიტიკის დასტაბილურებას, ეს კი თავის მხრივ თურქეთში საგარეო ინვესტიციების შემცირებას გამოიწვევს. ინვესტიციების შემცირება კი, „ცხელ ფულზე“ დამოკიდებულ, დეინდუსტრიიზაციისაკენ წასულ ეკონომიკას ძალიან დააზარალებს.

გადატრიალების მცდელობიდან დღემდე ათობით ათასი ადამიანი დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს, დაიხურა უნივერსიტეტები, მედიასაშუალებები და სხვა დაწესებულებები. უნდა ველოდოთ თუ არა, რომ საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლის შემდეგ ტენდენცია გაძლიერებული ფორმებით გაგრძელდება?

კი. სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე მცირე მასშტაბით საჩვენებელი პატიმრობიდან გათავისუფლებები და სამსახურში დაბრუნებები განხორციელდება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ერდოღანი შეეცდება ნებისმიერი სახის ოპოზიციის მაქსიმალურად გასრესას.

ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იქნეს დაშვებული “სახალხო რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის – ქემალ ქილიჩდაროღლუს და პარტიაში მისადმი ერთგული ფრთის მიმართ, რომლებიც პასიურობითა და იდეოლოგიური ჩიხებით, ნებით თუ უნებლიეთ წარმატებით ითავსებენ „ოფიციალური ოპოზიციის“ როლს.

რაც შეეხება “სახალხო რესპუბლიკური პარტიის” შიდა ოპოზიციურ ფრთას, მაგალითად, პარტიის ლიდერების მიმართ კრიტიკული გამოსვლებით ცნობილი ყოფილი დეპუტატის, ერენ ერდემის დაპატიმრება გვიჩვენებს, რომ რეპრესიები გრძელვადიან პერსპექტივაში მათაც შეეხებათ. ასევე, 2016 წლიდან დღემდე, ფაქტობრივად არ გაჩერებული რეპრესიები შეიარაღებული ძალების შიგნით, ძირითადად გიულენისტების წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით.

რა უნდა ისწავლოს არჩევნებიდან თურქეთის ოპოზიციამ? არსებული სურათიდან გამომდინარე, საჭიროებს თუ არა ცვლილებას მთავარი ოპოზიციური ძალის, “რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკა, რომელიც სტაბილურ 30%-ს სჯერდება? უნდა ველოდოთ, რომ მუჰარემ ინჯეს ფენომენი რაიმეს შეცვლის?

ვფიქრობ, თურქეთის ოპოზიციისათვის, პირველ რიგში კი, სრპ-სათვის ყველაზე ძნელი იმასთან შეგუება იქნება, რომ თურქეთი პოლიტიკური სისტემითა და მენტალობით ახლო აღმოსავლეთია, ხოლო მრავალწლიანი ვესტერნიზაციის მცდელობა ძირითადად წარუმატებელი აღმოჩნდა.

რაც შეეხება მუჰარემ ინჯეს ფაქტორს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების ღამეს, დაბნეული, გაუაზრებელი და სპონტანური ქმედებებით და მარცხის სწრაფად აღიარებით, მუჰარემ ინჯე, როგორც ლიდერი დამთავრდა. ის იმედი, რომელსაც ოპოზიციური ელექტორატი მუჰარემ ინჯეზე ამყარებდა, იმ იმედს ეყრდნობოდა, რომ მუჰარემ ინჯე არ იქნებოდა ისეთი პასიური და უსუსური, როგორადაც უკვე წლებია მისი პარტია მოიაზრება, ინჯემ ეს იმედი ვერ გაამართლა.

რითაა მნიშვნელოვანი არჩევნების შედეგები საქართველოსთვის? რაიმე ცვლილებას ხომ არ უნდა ველოდოთ ორი ქვეყნის ურთიერთობაში?

ეკონომიკური თანამშრომლობა ალბათ გაგრძელდება. მაგრამ უკვე ცხადია, რომ თურქეთი აღარ არის ქვეყანა, რომელიც დასავლური ბლოკის ნაწილი იყო. მთავრობის წევრების განცხადებები ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციების იგნორირების შესახებ, რუსეთთან დაახლოება და ამერიკის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები, მაგალითად, ამერიკულ პროდუქციაზე ახალი იმპორტის გადასახადების დაწესება და სხვ. გვაჩვენებს, რომ თურქეთის ნატოს წევრობა დღითიდღე უფრო და უფრო ფორმალური ხდება, რაც საქართველოს მიერ პროდასავლური საგარეო პოლიტიკის წარმოებას კიდევ უფრო ართულებს.

ერდოღანის ხელისუფლების რელიგიური და ნაციონალისტური პოპულიზმი ასევე საკმაოდ დამაფიქრებელია – რისკი იმისა, რომ ხელისუფლების ნაბიჯები, რომელსაც ნაციონალისტურ-რელიგიური პოპულიზმით უდგას სული და ამავე დროს არ აქვს რესურსი დიდ ქვეყნებს დაუპირისპირდეს, უფრო რთულად პროგნოზირებადი გახდება მეზობელი ქვეყნების მიმართ.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები რადიკალურად დაიძაბება, მაგრამ ცხადია, რომ საქართველომ თურქეთთან მიმართებაში მიდგომა უნდა შეცვალოს და უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ თურქეთი არ არის ქვეყანა, რომელსაც ისე უნდა ელაპარაკო როგორც ევროპულ ქვეყანას. მასთან მიდგომას სხვა ტიპის დიპლომატია სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი