რუსუდან რუხაძე, ჟურნალისტი:
„ჩვენს ქვეყანაში ყველა პირობაა იმისთვის, რომ რეალობისგან გაქცევა ყველაზე დიდ და სახიფათო თავგადასავლად იქცეს. ძალადობრივი გარემო, სიღარიბე, უმუშევრობა თუ ცხოვრების არაჯანსაღი წესი ნარკოტიკების მომხმარებელთა წრეს კიდევ უფრო აფართოებს. ცხადია, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უშედეგოა და ზიანის შემცირების ნაცვლად ნარკოდამოკიდებულებს კიდევ უფრო დაუნდობელ და არაჰუმანურ გარემოში აქცევს. ამასთან, მიუღებელია სახელმწიფო ვერ ახერხებდეს ნარკოტიკების გამსაღებელ გავლენიან ჯგუფებთან ბრძოლას, ნარკოტიკების არალეგალური მიწოდების აღმოფხვრას და განსაკუთრებული სიმკაცრით ნარკოტიკების მომხმარებლებს სჯიდეს.
ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შემთხვევაში სახელმწიფო ვეღარ შეძლებს ნარკოტიკების ჩადებით მოქალაქეთა დაშინებას ან ნარკომომხმარებლების წინააღმდეგ კომპრომატებით ბრძოლას. ამგვარი პოლიტიკის პირობებში სახელმწიფო ვალდებული იქნება რესურსები პრევენციისკენ, ცნობიერების ამაღლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისკენ მიმართოს, ხოლო ნარკოპოლიტიკა იზოლაციისა და დასჯის ნაცვლად მომხმარებლებზე ზრუნვას, მათ რეაბილიტაციას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას დააფუძნოს.
საქართველოში არც განათლების სისტემა აძლევს ახალგაზრდებს სწორ ორიენტირებს. სკოლებში, სადაც ძალადობა და ჩაგვრაა გავრცელებული, მოსწავლეებს არ აწვდიან საკმარის ინფორმაციას სარისკო ქცევებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. ილუზიაა ისიც, თითქოს საქართველოში სპორტი უყვართ, ჩვენთან ვარჯიშს სპორტის ყურება, ტოტალიზატორზე თამაში და გულშემატკივრობა ურჩევნიათ. ამიტომაც თბილისში პრაქტიკულად აღარ არსებობს სივრცეები ჯანსაღი ცხოვრებისა და რეკრეაციისთვის. შესაძლოა, სწორედ ნარკომანიიდან ამოიზარდა ეს ბეტონის ჯუნგლები ან სულაც პირიქით, ჩაბეტონებულ და მომწამვლელ ქალაქში იმდენად ცოტა სივრცეა, რომ მხოლოდ ნემსი თუ ჩავარდება.
ჰუმანური ნარკოპოლიტიკა არ გულისხმობს მოხმარების წახალისებას, პირიქით: დემოკრატიული სახელმწიფოები, რომლებიც პრევენციაზე, სერვისების გაუმჯობესებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და მოქალაქეებზე ზრუნვას ახარჯავენ რესურსს, ასევე ნარკოტიკების მოხმარების და მათი გამოყენებით გამოწვეული სიკვდილიანობის გაცილებით დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან.“
_________________
სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“
კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა