ახალი ამბები

თამაზ ელიზბარაშვილს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

29 ივნისი, 2018 • 4743
თამაზ ელიზბარაშვილს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

ბიზნესმენსა და ძაღლების თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილს ცილისწამების ბრალდებით მოქალაქე გუდუნა დარბუაშვილმა შესაძლოა სასამართლოში უჩივლოს. დარბუაშვილის განცხადებით, იგი ამ საკითხზე იურისტებთან მსჯელობს.

როგორც დარბუაშვილი ამბობს, 22 ივნისს საბურთალოზე ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც  ქუჩაში მცხოვრებმა რამდენიმე ძაღლმა მისი ძაღლისკენ საკბენად გაიწია.

როგორც დარბუაშვილი იხსნებს, იმის გასარკვევად, იყვნენ თუ არა ქუჩაში მცხოვრები ძაღლები აცრილები, ცხოველთა მონიტორინგის ცენტრს დაუკავშირდა. დარბუაშვილი ამბობს, რომ მას ცხოველები ძალიან უყვარს და ამ ძაღლების ტერიტორიიდან წაყვანა არ უთხოვია, თუმცა  თავშესაფრის პერსონალმა ძაღლები მაინც წაიყვანა. ამას კი ელიზბარაშვილისა და ცხოველთა დამცველთა ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა.

ელიზბარაშვილი აცხადებდა, რომ ძაღლებს  მუნიციპალურ თავშესაფარში გარდაუვალი სიკვდილი ელით. ცხოველთა დამცველებისა და ელიზბარაშვილის პოზიციაა, რომ ძაღლები, რომლებიც მანამდე უკვე იმყოფებოდნენ თავშესაფარში შემოწმებაზე, მონიტორინგის სამსახურს უკან აღარ უნდა გადაეყვანა, რადგან დარბუაშვილისა და მისი ძაღლისთვის არ უკბენიათ. ძაღლებს, რომელთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანას ადამიანები აპროტესტებენ, მიმკედლებელიც ჰყავთ, ადამიანი, რომელიც მათზე ზრუნავს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომაც გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამავე ტერიტორიაზე ივნისის თვეში დაკბენის ორი ფაქტი დაფიქსირდა (ცხოველთა დამცველების ინფორმაციით, ისინი სხვა ძაღლები იყვნენ) და ათობით განცხადება შევიდა ცხოველების აგრესიასთან დაკავშირებით.

“მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ცხოველთა დაცვის მიზნით, სააგენტოს მაშველებმა სამი ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მათი ქცევის კორექციაზე კვალიფიციური კინოლოგები იმუშავებენ. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი, თავშესაფარი იზრუნებს აღნიშნული ძაღლების გაჩუქებაზე ან მათ ბუნებრივ არეალში გაშვებაზე. გადაწყვეტილების მიღება მოხდება თითოეულ მათგანზე ინდივიდუალურად” – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც ცხოველთა მონისტორინგის სააგენტომ 25 ივნისს გაავრცელა.

ამ საკითხზე 25 ივნისს დელისის მეტროსთან ელიზბარაშვილმა და ცხოველთა დამცველების ნაწილმა აქციაც გამართეს. ისინი თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლების პირვანდელ ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვდნენ.

ამ აქციაზე გუდუნა დარბუაშვილიც მივიდა, სადაც მას თამაზ ელიზბარაშვილი ცემით ემუქრებოდა.

ამ ფაქტზე გუდუნა დარბუაშვილმა პოლიციას მაშინვე მიმართა. იმ ფაქტს, რომ დარბუაშვილს უხეშად მიმართა “რუსთავი 2”-თან თამაზ ელიზბარაშვილიც ადასტურებს. ინტერვიუში ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ დაკითხვაზეც იმყოფებოდა:

“ადამიანები, რომლებიც ებრძვიან უდანაშაულო ძაღლებს, რომლებსაც აქვთ სიცოცხლის უფლება, მე მათ შუაზე გავხევ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში” – უთხრა ელიზბარაშვილმა “რუსთავი 2”-ს. ის უარყოფს დარბუაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

დარბუაშვილი ამბობს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ინტერნეტმომხარებლისაგან კიბერბულინგის მსხვერპლია.

რაც შეეხება თავშესაფარში გადაყვანილ სამ ძაღლს, როგორც დღეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ისინი ძაღლებს არ დააბრუნებენ ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც წაიყვანეს (დელისი), თუმცა უახლოეს მომავალში კვლავ საბურთალოზე, დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსებენ.

შსს-ში ნეტგაზეთს ჯერჯერობით ვერ უთხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება თამაზ ელიზბარაშვილსა და დარბუაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი