ახალი ამბები

საზმაუს პროგრამული პრიორიტეტები – დაპირისპირებულთა მოსაზრებები

29 ივნისი, 2018 • 2387
საზმაუს პროგრამული პრიორიტეტები – დაპირისპირებულთა მოსაზრებები

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018–2021 წლების პროგრამული პრიორიტეტები ზედაპირული და ნაკლებად დაკონკრეტებულია, რაც ართულებს მისი შესრულების მონიტორინგს, – ასე შეაფასეს საკითხით დაინტერესებულებმა სამუშაო დოკუმენტი, რომლის განხილვაც დღეს, 29 ივნისს თბილისში გაიმართა.

განხილვა პერიოდულად იძაბებოდა, რადგან დამსწრეების ნაწილი მოითხოვდა, რომ სამუშაო დოკუმენტის იმ ნაწილს, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს ვალდებულებას, რომ გააშუქებს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, დამატებოდა ჩამონათვალი, სადაც მითითებული იქნებოდა დაუცველი ჯგუფების: ქალების, ლგბტ ადამიანების, მიგრანტების, დასაქმებულების უფლებების გაშუქება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ნაწილი მიიჩნევდა, რომ ამ ჩამონათვალის თანდართვა საჭირო არაა, რადგან ადამიანების უფლებებში დაუცველი ჯგუფების უფლებებიც მოიაზრება და ასეთი განმარტებაც საკმარისი იქნებოდა.

საბჭოს წევრმა ირინე ფუტკარაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პროგრამული პრიორიტეტების სამუშაო დოკუმენტში აღნიშნული ადამიანების უფლებები მოიცავს ლგბტ ადამიანების უფლებებს, თუმცა, თუ საბჭო უმრავლესობით მხარს დაუჭერს ამ ჩამონათვალის განმარტებას, იგი მხარს დაუჭერს უმრავლესობის პოზიციას.

ირინე ფუტკარაძემ განგვიმარტა, რომ მისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა კონკრეტული ჯგუფების ჩამონათვალი, შესაბამისად, ამის გამო “ერთ ამბავს არ ატეხს საბჭოს ზოგიერთი წარმომადგენლისგან განსხვავებით”.

სამეურვეო საბჭოს სხვა წევრში ირინე ფუტაკარაძე გულისხმობდა ნინია კაკაბაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომ ეს ჩამონათვალი ამ დოკუმენტში არ შესულიყო. როგორც ნინია კაკაბაძემ განმარტა, მან და საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ქეთი მსხილაძემ დაუჭირეს მხარი ამ ჩამონათვალის შეტანას დოკუმენტში.

“მაშინ რატომ ვასახელებთ ეროვნულ და რელიგიურ უმცირეობებს?! ვიგულისხმოთ, რატომ არის საჭირო კონკრეტულად დასახელება?! დღეს ყველაზე მეტად დარღვეულია ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებები, მიგრანტების უფლებები და ქალთა უფლებები”, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ შეხვედრაზე.

კაკაბაძეს მიაჩნია, რომ თუ კონკრეტულად იქნება გაწერილი ამ დოკუმენტში იმ ჯგუფების ჩამონათვალი, ვის შესახებაც უნდა მოამზადოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემები, მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს ტელევიზიის აღმასრულებელი ხელმძღვანელობის მუშაობის მონიტორინგის მეტი შესაძლებლობა ექნება.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” წარმომადგენელმა ეკა აღდგომელაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ დაკონკრეტების არქონის გამო დოკუმენტი ძალიან ზოგადია. აღდგომელაშვილის თქმით, განმარტება, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აუცილებლად უნდა დაუთმოს ყურადღება ლგბტ ადამიანების საჭიროებებს,  პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რადგან მაუწყებელი ამ ფორმით გამოხატავს ამ საკითხების გაშუქების ნებას.

ეკა აღდგომელაშვილი ხაზს უსვამს, რომ სატელევიზიო პლატფორმის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც საზოგადოებრივი განწყობების კვლევამ აჩვენა, მოსახლეობის ნახევარი ლგბტ საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ტელევიზიის მეშვეობით იღებს.

“რა თქმა უნდა, არის და საჭიროა ასეთი ჩამონათვალის არსებობა… ჩამონათვალის შემოტანამ გვაჩვენა საბჭოს წევრების, თითოეული მათგანის პოზიცია, რომელიც სხვა შემთხვევაში სრულიად შეუმჩნეველი იქნებოდა”, – განაცხადა ეკა აღდგომელაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე სიტყვიერი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე საბჭოს წევრი გიორგი იაკობაშვილი იყო. მან “თანასწორობის მოძრაობის” ხელმძღვანელ ლევან ბერიანიძეს, რომელიც ჩამონათვალის დაკონკრეტებას მოითხოვდა, სიტყვიერი დაპირისპირებისას “დებილიც” უწოდა.

სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა “თანასწორობის მოძრაობის” პროექტის კოორდინატორის, მარიამ კვარაცხელიას მოწოდებას. მან მოუწოდა საბჭოს, რომ ხელახლა იმსჯელოს პროგრამულ პრიორიტეტებში ჯგუფების დაკონკრეტებაზე. გიორგი იაკობაშვილმა კვარაცხელიას გამოსვლა კომკავშირს შეადარა.

მარიამ კვარაცხელიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ არ იცის, როგორი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკა სხვადასხვა მმართველის პირობებში, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჩაგრული ჯგუფების საზოგადოებაში ინეტგრაციაში. როგორც კვარაცხელიამ აღნიშნა, დაკონკრეტების გარეშე, შესაძლოა, მაუწყებელმა გააშუქოს ეთნიკური უმცირესობების საკითხები, ყურადღება არ დაუთმოს ლგბტ ადამიანებს, თუმცა სათქმელი ექნება, რომ მან ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები გააშუქა.

“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა ეკა ჭითანავამ ყურადღება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების გაშუქების ნაწილში ასევე მითითებული უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები.

ჭითანავამ განაცხადა, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მხოლოდ კულტურული მრავალფეროვნების კუთხით გაშუქება და მათი ეგზოტიზება ხელს არ შეუწყობს მათი სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მაგალითად, როდესაც საქმე შეეხება საპატრიარქოსთვის გადაცემული სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების სადავო ქონების შესახებ რეპორტაჟის მომზადებას, შეძლებს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხის მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქებას?, – იკითხა ეკა ჭითანავამ.

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, სამეურვეო საბჭომ ეს დოკუმენტი ისე შექმნა, რომ არ გამოუკვლევია მაყურებლის ინტერესი და საჭირობებები. მისი მოსაზრებით, საბჭოს ასევე უნდა შეესწავლა წინა წლების პროგრამული პრიორიტეტების შესრულების საკითხი და იმის მიხედვით შეექმნა ახალი დოკუმენტი.

პრიორიტეტებში არ ჩანს, რომელი პლატფორმაა უპირატესი- ვებგვერდი თუ სატელევიზიო ეთერი, რადგან ხშირად მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ არის ეთერში, თუმცა ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. შესაბამისად, უნდა დაეთმოს ყურადღება იმაას, თუ როგორი ბალანსი იქნება დაცული ვებგვერდსა და სატელევიზო ეთერს შორის, ამბობს ძველიშვილი.

“საერთაშორისო სამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა მამუკა ანდღულაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებში უნდა შედიოდეს ყალბ ინფორმაციასთან (Fake news) ბრძოლა, რაც ამ დოკუემნტში ასახული არ არის. საბჭოს წევრები დაეთანხმდნენ მამუკა ანდღულაძეს, რომ ისინი აუცილებლად შეიტანენ ამ საკითხს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო ელის, რომ ამ შეხვედრის შემდეგ დაინტერესებული პირები წერილობით მიაწვდიან თავიანთ შენიშვნებს. პროგრამული პრიორიტეტების სამუშაო დოკუმენტში ასახულია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა:

  • უნდა უზრუნველყოს საყოველთაო წვდომა და მრავალფეროვანი აუდიტორიის მიზიდვა. ამ მიზნით ხარჯი უნდა გადანაწილდეს სხვადასხვა ჯგუფის მომსახურებისთვის, მათ შორის ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისთვის, შშმ პირებისა და რეგიონების მცხოვრებლებისთვის;
  • უნდა გაითვალისწინოს თვალთახედვის მრავალფეროვნება;
  • საგანმანათლებლო, კულტურული შემეცნებითი, ანალიტიკური პროდუქცია აწარმოოს, ეს პროდუქციის ადგილობრივი და უცხოელი მწარმოებლისგან შეისყიდოს;
  • გამოიყენოს მულტიმედიური და ალტერნატიული პლატფორმები ინფორმაციის გადაცემისთვის;
  • ყურადღება დაუთმოს ახალგაზრდებთან დაკავშირებულ საკითხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი