ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი: ვიწყებ შიმშილობას

29 ივნისი, 2018 • 2297
ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი: ვიწყებ შიმშილობას

2018 წლის 2 ივლისიდან ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი შიმშილობას იწყებს.

შიმშილობის მთავარი მიზეზი, როგორც მეარაყიშვილი განმარტავს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის უმოქმედობაა მის მიმართ დაწყებულ საქმეებზე:

“დიდხანს ვფიქრობდი და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, ორშაბათიდან, 2 ივლისიდან ერთი კვირით შიმშილობა გამოვაცხადო. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება მივიქციო, თუ რა დღეში მაგდებს ხელისუფლება ჩემი სამოქალაქო პოზიციებისა და შეხედულებების გამო. მე არანაირი დანაშაული ჩამიდენია. ყველა საქმე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ პროკურატურამ აღძრა – ფაბრიკაციაა. 1 თვეა უკვე, რაც ეს კოშმარი გრძელდება. სასამართლო პროცესები, რომელშიც ვმონაწილეობ – ყველაფერი ეს ჩემი სარჩელებიდან გამომდინარეა. პროკურატურა არ ჩქარობს საქმე სასამართლოს გადასცეს და რომც გადასცენ, ეს უსასრულოდ გაგრძელდება, ამ გზით მათ უნდათ მორალურად და მატერიალურად დამაუძლურონ. ყოველდღიურად ირღვევა ჩემი კანონიერი უფლებები, პასუხად კი ხელისუფლებისგან დუმილია. ეს არის ჩემი პროტესტი ყოველივე ამაზე”, – წერს მეარაყიშვილი.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალგორის რაიონის [ლენინგორი] პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს 2018 წლის 12 ივნისს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით – სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მიღება საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად გაყალბებული განცხადების საფუძველზე; აღნიშნული გაყალბებული დოკუმენტის გამოყენება და  მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” რეგიონული განყოფილების მიმართ ცილისწამება. იქამდე თამარ მეარაყიშვილი აღნიშნულ საქმეებში ეჭვმიტანილი იყო. პირველი საქმე მის მიმართ ადგილობრივმა პროკურატურამ 2017 წლის 16 აგვისტოს აღძრა.


მეარაყიშვილის საქმეზე ცხინვალის ხელისუფლების მისამართით არაერთი განცხადება და მიმართვა გაკეთდა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველების მხრიდან.

მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებამდე თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

თამარ მეარაყიშვილის საქმეებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი