ახალი ამბებიგართობარეკლამა

ღვინის გზა აჭარის მთებში საუკეთესო არომატების აღმოსაჩენად

29 ივნისი, 2018 • 4580
ღვინის გზა აჭარის მთებში საუკეთესო არომატების აღმოსაჩენად

In Vino Veritas – არავინ იცის ზუსტად რომელი ღვინის დაგემოვნებისას წამოსცდა რომის იმპერიაში უცნობს ეს ლათინური სიბრძნე. საუკუნეებს გადარჩენილი ფრაზა აუცილებლად ამოგიტივტივდებათ გონებაში, თუ ღვინის გზას დაადგებით ქედაში და მთებში მიმალული სოფლების საოჯახო მარნებს ესტუმრებით.

ღვინის გზაზე ქედაში მრავალფეროვანი, საინტერესო და ცოტათი გამაბრუებელი თავგადასავალი გელით. მთავარია, თავიდანვე განსაზღვროთ, როგორი მოგზაურება გირჩევნიათ ამჯერად: ნაცნობ-მეგობრებთან ერთად მხიარული ჟრიამულით და დიდი მანქანით, თუ გზიდან მოშორებულ სოფლებამდე ფეხით გზის მარტო გაგნება.

ღვინის მარნებამდე გზად მახუნცეთის ჩანჩქერისა და ამავე სახელწოდების უძველესი, დიდი თაღოვანი ხიდის მონახულება შეგიძლიათ, ასეთი ხიდი აჭარაში ალბათ უკვე ბევრი გინახავთ.

მახუნცეთის ხიდი

ხიდთან ახლოს, გზის მეორე მხარეს, მახუნცეთის ჩანჩქერთან, ტურისტების უწყვეტი ნაკადი მიედინება. ჩანჩქერთან მისვლამდე უამრავი კაფე-ბარი და რესტორანია, სადაც ტრადიციულ კერძებს და აქაურ ღვინოს შემოგთავაზებენ, მაგრამ თუ გზის დასაწყისშივე არ მოგშივდებათ, კერძებისა და აჭარის საუკეთესო ღვინოების  დაგემოვნებას სოფლის მარნებში გირჩევთ. აქვე ადგილობრივ თაფლს, ათასგვარ მურაბასა და სეზონურ ხილს შეიძენთ.

ჩანჩქერი ზაფხულობით თითქოს არც ისე წყალუხვია, თუმცა გაზაფხულზე, თოვლის დნობისას და შემოდგომის წვიმის შემდეგ აქ წყლის ნაკადი საგრძნობლად იმატებს. დაგუბებულ წყალში ბავშვები ბანაობენ, ზოგი კამერას უფრთხის და სასწრაფოდ გადის კადრიდან, ზოგიც არ გვიმჩნევს და ყვინთვას განაგრძობს.

ამ უზარმაზარ თუთიყუშებს ბორია და რომა ჰქვიათ. უცნაურად იფუყებიან და თვალებს ატრიალებენ. მაიმუნ ევასაც მათი ბედი ერგო და წესით, ტურისტების თვალს უნდა ახარებდნენ, თუმცა ეს სამი მაინცადამაინც ბედნიერად არ გამოიყურება. როგორც ჩანს, მახუნცეთს მაინც მშობლიური ტროპიკები ურჩევნიათ.

მას შემდეგ, რაც ჩანჩქერის სიგრილეში დაისვენებთ, შეგიძლიათ ღვინის გზას გაუდგეთ. სოფელი პირველი მაისი, ვაიო და დანდალო ღვინის გზის რუკაზე რამდენიმე საოჯახო მარნითაა წარმოდგენილი.

შერვაშიძეების მარანი – სოფელი პირველი მაისი

მახუნცეთის ჩანჩქერის გზიდან სოფელი პირველი მაისის ასახვევამდე სულ სამი-ოთხი კილომეტრია. ჩანჩქერიდან ნებისმიერი ტრანსპორტი გაივლის ამ გზას. ცენტრალური გზიდან სოფელში მდებარე შერვაშიძეების მარნამდე სულ 900 მეტრია.

გირჩევთ, ეს გზა ფეხით აიაროთ. მოასფალტებულია, მანქანები აქ იშვიათად მიდი-მოდიან და ულამაზესი ხედები იშლება. ეზოებიდან ხილით დამძიმებული ხეების ტოტები გზისკენ მაცდურადაა გადმოწვდილი.

ვერც ერთი სოფლის გზას ვერ გაივლით დიდთვალება ძროხების გარეშე

ასეთ ჭიშკრებსაც წააწყდებით, სადაც წითელი ნალები აუკრავთ და სჯერათ, რომ ყველაფერ უარყოფითს რკინის ეს პატარა ნაჭერი აისხლეტს.

შერვაშიძეების დიდ, ვარდისფერ სახლს შორიდანვე შენიშნავთ. აქ რომ საოჯახო მარანი აქვთ, აბრაც მიგანიშნებთ და შორიდანვე შესამჩნევი ვენახის ზვრებიც. მარნის მეპატრონეს, ნოდარ შერვაშიძეს, საოჯახო სასტუმრო და მარანი ერთად აქვს მოწყობილი საცხოვრებელ სახლში. ამ მარნის ოჯალეშმა საოჯახო ღვინის ფესტივალზე მეორე ადგილი დაიმსახურა.

ნოდარ შერვაშიძე მუხის კასრებში აყენებს ღვინოს და მერე მინის ბოთლებში გადააქვს.

მეღვინეს აზრით, ერთ ჰექტარზე გაშენებული ვაზით ოჯახი თავისუფლად ირჩენს თავს წლიდან წლამდე. გარდა ოჯალეშისა, აქ ცოლიკაური და ჩხავერიც მოჰყავთ.

ზვრებიდან მხიარული შეძახილები ისმის. შერვაშიძეებს აქ ზიპლაინი აქვთ მოწყობილი და ტურისტები ემოციებს ვერ  მალავენ. უზარმაზარ ვენახს შეგიძლიათ თქვენც ასე გადაუფრინოთ.

შერვაშიძეების მარნის შემდეგ სოფელ ვაიოს უნდა ვესტუმროთ, სადაც ორი მარნის მონახულება შეგვიძლია. ამ სოფელში განსაკუთრებულად გემრიელი ჩხავერი აღმოაჩნდათ. ჩხავერი იშვიათი ჯიშის ყურძენია – აჭარის სიამაყე, აქაურები აუცილებლად მოგიყვებიან, როგორ შემოინახეს და გადაარჩინეს ოსმალების სამასწლოვანი ბატონობისას ვაზის აჩეხვის მიუხედავად ყურძნის ეს იშვიათი ჯიში.

შავიშვილების მარანი – სოფელი ვაიო

ლადო შავიშვილი 50 წელია ვენახს უვლის. მართალია, ყურძნის საწური თანამედროვე აპარატით ამზადებს ევროპული წესით ღვინოს, მაგრამ ცაცხვის საწნახელიც უდგას ეზოში და რთველისას ტრადიციული ქართული მეთოდითაც ჭყლეტს ყურძენს. რიტუალში მონაწილეობა განსაკუთრებით ტურისტებს ეხალისებათ.

შავიშვილების მარანში უგემრიელესი საფერავი დაგვხვდა, ზომიერად ტკბილი და ოდნავ მომჟავო, მწიფე მაყვლისა და მოცვის არომატით გაჯერებული.

ყველაზე ძვირი აჭარაში გავრცელებული ღვინოდან ჩხავერია, საოჯახო მარნებში ერთი ბოთლი ჩხავერის საშუალო ფასი 29 ლარია.

გორგილაძეების მარანი – სოფელი ვაიო

სოფელ ვაიოში გვეუბნებიან, რომ გორგილაძეების მარნისა და ეზოს უნახავად ამ სოფლიდან არ უნდა გაბრუნდე. გვიანდება, მაგრამ ცდუნებას ვერ ვუძლებთ, გორგილაძეების სახლამდე ავდივართ. სახლი ამ სოფლის ყველაზე მაღალ გორაზე დგას და წინ ლამის მთელი აჭარა მოჩანს. სახლის მეპატრონეებმა სწორად გათვალეს და უზარმაზარ გორაზე, სადაც სახლი უდგათ, ღია ცის ქვეშ მოაწყეს ფანჩატური, მთელი დღე არ მოგბეზრდებათ აქედან გარემოს თვალიერება.

ეზოსა და მარნის ულამაზესი მდებარეობის ფასი გორგილაძეებმა მშვენივრად იციან და ამიტომაც ატარებენ ზაფხულის საღამოებს გარეთ, მეზობლებთან და ახლობლებთან ერთად.

აქ ყოველწლიურად 2000, 3000 ტურისტს მასპინძლობენ. ეზოში კოტეჯიცაა მოწყობილი ღამის გასათევად, იქვე ნალიაა და მოსალხენი, დიდი ოთახი ბუხრით. წლიდან წლამდე ამ მარანში ორ ტონა ღვინოს წურავენ: ცოლიკაურს, ჩხავერსა და ალადასტურს.

ღვინო, ნიგვზიანი ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი – ყველაფერი, რასაც ვახშმად მივირთმევთ, ამ ეზოშია მოყვანილი.

ვაიო, დანდალო, პირველი მაისი, გეგელიძეები, ქედა – ეს აჭარის სოფლებია, სადაც კიდევ არაერთ საოჯახო მარანს აღმოაჩენთ. ყველა მათგანი უნიკალურია ადგილმდებარეობის, ღვინის დაყენების ტექნოლოგიის და მასპინძლობის განსხვავებული წესების მიხედვით.

პატარა ნია აქ ცხოვრობს. ამბობს, რომ ძალიან უყვარს სტუმრები და როცა ტურისტები მათთან რჩებიან – უხარია. მალე აქაურობა ხალხით აივსება და გოგოც გაიხარებს.

ვახშმის დასასრულს კიდევ ერთხელ ვაგემოვნებთ ქედის მოტკბო ცოლიკაურს. აჭარის მთიანეთში ლურჯად ღამდება. ბათუმში დაბრუნების დროა.

მასალების გადაბეჭდვის წესი