ახალი ამბები

ალასანია თეთრაძის საქმეზე: ჩემს მოვალეობადაც ვთვლი, რომ გამოძიება ბოლომდე მივიდეს

27 იანვარი, 2014 •
ალასანია თეთრაძის საქმეზე: ჩემს მოვალეობადაც ვთვლი, რომ გამოძიება ბოლომდე მივიდეს

 

ირაკლი ალასანიამ დაადასტურა, რომ მან თავდაცვის უწყების ზოგიერთ თანამშრომელს მოვალეობა მართლაც შეუჩერა თეთრაძის ოჯახსა და ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ, თუმცა მას შემდეგ, რაც პროკურატურისაგნ მიიღო დასაბუთებული პასუხი, რომ მოცემული პირები დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართულები არ იყვნენ, თანამდებობებზე კვლავ  აღდგენენ:

 

“მე ვიყავი პირველი, ვინც საჯაროდ განვაცხადე ამ საშინელი დანაშაულის შესახებ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს. ჩემს მოვალეობადაც ვთვლი, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში ეს გამოძიება ბოლომდე მივიდეს. თავდაცვის სამინისტრო არც პროკურატურაა და ბრალმდებლის ფუნქციაში ვერ შეიჭრება, თავდაცვის სამინისტრო არ არის სასამართლო და ვერც მართლმსაჯულების აღსრულებაში ვერ ერევა. პროკურატურა მუშაობს. მე მაქვს სრული ნდობა იმაში, რომ საბოლოოდ მთლიანად შესწავლილი იქნება ეს საკითხი”, – განაცხადა ალასანიამ.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, რომელსაც პროკურატურამ 2013 წლის 14 იანვარს წარუდგინა ბრალი სერგო თეთრაძის წამებისთვის, დღეს, 27 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ ეპიზოდში გამართლდა. თუმცა ამავე მოსამართლის განაჩენით, მეგის ქარდავას დაუსწრებლად მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 3 წლის ვადით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება დავით ლონდარიძის წამების და გიორგი ჩიკვატიასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე.

 

მოსამართლის მიერ დღეს გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება სერგო თეთრაძის მეუღლე ნანა თეთრაძე: “ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა იყვნენ ის პირები, რომელთა შესახებაც ჩემი მეუღლე ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა, სანამ ცოცხალი იყო, იმ ერთი კვირის განმავლობაში, და ისინი აუცილებლად უნდა დაისაჯონ,” – განაცხადა მან.

 

თეთრაძის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ამბობს, რომ კიდევ სხვა პირებიც უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში თეთრაძის საქმეზე:

 

“დღეს ვინც დაისაჯა, ესენი არიან პაიკები თეთრაძის საქმეში, უნდა დაიწყოს გამოძიების მესამე ეტაპი და უნდა დაისაჯონ ლევან გაბუნია, ზაზა მჭედლიძე, გეგეჭკორი, ასევე სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ თეთრაძის წამებაში, ისინი თავდაცვის სამინისტროში და პროკურატურაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. მივმართავ მთავარ პროკურორს, დაიწყოს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. როგორც ვიცი, პროკურატურის წერილის საფუძველზე, რომელსაც ხელს ვინმე კვარაცხელია აწერს, ირაკლი ალასანიამ ეს პირები აღადგინა სამსახურში. თეთრაძე მომაკვდავ მდგომარეობაში მიიყვანეს ციხემდე. სწორედ ის ადამიანები, ვინც ის სიკვდილამდე მიიყვანა, ახლა თანამდებობაზე არ უნდა მუშაობდნენ”, – აცხადებს ადვოკატი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი